„თავის არეში დარტყმა მიიღო“ - კონტემ კვარას მდგომარეობაზე ისაუბრა
იტალიის სერია A-ს პირველ ტურში, „ნაპოლი“ სტუმრად „ვერონას“ დაუპირისპირდა და უშანსოდ, 0:3 დამარცხდა.
ხვიჩა კვარაცხელია სასტარტო შემადგენლობაში იყო, თუმცა, ანტონიო კონტემ პირველი ტაიმის მიწურულს, თავის არეში მიყენებული დარტყმის გამო შეცვალა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ იტალიელმა სპეციალისტმა განვლილი მატჩი შეაფასა და კვარას მდგომარეობაზეც ისაუბრა.
რა თქვა კონტემ:
„ვფიქრობ, მატჩი ორ ტაიმად უნდა დავყოთ. პირველ ტაიმში ჩვენს მეკარეს სეივიც არ ჰქონია, შემდეგ კი ლოგიკურია, რომ როდესაც მოწინააღმდეგე დაწეული დაცვის ხაზით თამაშობს, ბევრ შანსს ქმნი და ეს შანსები უნდა გამოიყენო, წინააღმდეგ შემთხვევაში დაისჯები. პირველ ტაიმში გუნდის თამაშით კმაყოფილი ვიყავი, მაგრამ ბევრი საფიქრალი მაქვს. ეს ყველაზე უარესი შედეგია, რომელსაც წარმოვიდგენდი. ამ თამაშში, თითქოს მზეზე თოვლივით დავდნით, ჩემთვის ასეთი დამოკიდებულება მიუღებელია.
„რაც შეეხება კვარაცხელიას, მან თავის არეში დარტყმა მიიღო და შეცვლა თავად მოითხოვა. მისი მდგომარეობა საყურადღებო იყო და სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ის ახლა თავს საკმაოდ კარგად გრძნობს“.
ქართველი შემტევის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია. სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში კლუბი ოფიციალურ ცნობებს გაავრცელებს და დაზიანების სიმძიმეზე უფრო მეტ დეტალს გავიგებთ.
სერია A-ში „ნაპოლი“ მომდევნო შეხვედრას 24 აგვისტოს, საკუთარ მოედანზე „ბოლონიას“ წინააღმდეგ გამართავს.