„მისი შეცვლა სიკვდილის ტოლფასია“ - იტალიური მედიის შეფასება
იტალიის სერია A-ს პირველ ტურში, „ნაპოლი“ სტუმრად „ვერონას“ დაუპირისპირდა და 0:3 განადგურდა.
ხვიჩა კვარაცხელია „პარტენოპეის“ სასტარტოში იყო, თუმცა, პირველი ტაიმის მიწურულს ტრავმა მიიღო და ანტონიო კონტეს მისი შეცვლა მოუწია. მოედნიდან გასვლამდე, ქართველი შემტევი აქტიურობდა და გოლის გატანაც შეეძლო, თუმცა, მისი დარტყმა მცველმა დაბლოკა.
კვარა VS ვერონა:
შეხვედრის დასრულების შემდეგ ხვიჩას თამაში იტალიურმა მედიამ შეაფასა. პრესის ნაწილი წერს, რომ ქართველი შემტევი კუნთების გადაღლილობის გამო შეცვალეს, ნაწილი კი ამტკიცებს, რომ ანტონიო კონტემ ის თავბრუსხვევის გამო გაიყვანა.
რა წერია იტალიურ მედიაში:
Calcionapoli1926 – 6 ქულა: თამაში უამრავი რეიდით დაიწყო და მისი შეჩერება მხოლოდ უხეშობით და ფეხში ჩარტყმით იყო შესაძლებელი. პირველი ტაიმის მიწურულს გოლის გატანაც შეეძლო, თუმცა, ეპიზოდის გამო იძულებული გახდა თამაში დაეტოვებინა. ის შეტევას ყოველთვის აცოცხლებს, მაგრამ ძალიან მარტოსული ჩანს. მისი შეცვლა ლურჯებისთვის სიკვდილის ტოლფასია.
Sport.Virgilio – 5.5 ქულა: მისი თამაში მხოლოდ 45 წუთს გაგრძელდა. პირველი ტაიმის მიწურულს გოლის გატანასთან ახლოს იყო, მაგრამ მისი დარტყმა ჩაჩუამ ბრწყინვალე ვარდნით დაბლოკა. მოედანი კუნთების გადაღლის გამო დატოვა.
Tuttonapoli – 5.5 ქულა: ნაპოლი ხშირად მარჯვნიდან უტევდა, ის კი მთელი ტაიმის განმავლობაში სივრცეებში მოძრაობდა, რათა ბურთის მიღების შესაძლებლობა ეპოვა. პირველი ტაიმის მიწურულს კუნთების დაჭიმულობის გამო შეიცვალა.
Tuttomercatoweb – 5.5 ქულა: დღეისთვის, უკვე ყველამ იცის მისი უნარების შესახებ, ამიტომ ის ყოველთვის გალიაში გვხვდება, მცველების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ. ის ხშირად გხვდებოდა ნახევარდაცვის ცენტრში, მაგრამ სწორ მიმართულებას ვერ პოულობდა. შესვენების წინ, ის თავბრუსხვევის გამო შეცვალეს.
სერია A-ში „ნაპოლი“ მომდევნო შეხვედრას 24 აგვისტოს, საკუთარ მოედანზე „ბოლონიას“ წინააღმდეგ გამართავს.