ხვიჩას ტრავმა და ნაპოლის მძიმე მარცხი ვერონასთან
იტალიის სერია A-ს ახალი სეზონის სტარტი მძიმე გამოდგა როგორც „ნაპოლისთვის“, ისე ხვიჩა კვარაცხელიასთვის.
ქართველი შემტევის გუნდი პირველ ტურში სტუმრად „ვერონას“ დაუპირისპირდა და უშანსოდ, 3:0 დამარცხდა.
ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და სამწუხაროდ, ტრავმის გამო მოედნიდან პირველი ტაიმის მიწურულს გაიყვანეს, როდესაც ანგარიში 0:0 იყო. ტრავმის ეპიზოდში, ხვიჩა მეტოქის მცველს შეეჯახა, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, გახდა თუ არა ეს ეპიზოდი კვარას დაზიანების მიზეზი.
კვარა VS ვერონა:
მოედნიდან გასვლამდე ხვიჩა მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში აქტიურობდა და ტაიმის მიწურულს, სანამ ტრავმას მიიღებდა, გოლის გატანის შანსიც ჰქონდა, თუმცა, მისი დარტყმა მცველმა დატოვა.
მეორე ნახევარი ანტონიო კონტეს გუნდისთვის კატასტროფული გამოდგა. „ნაპოლიმ“ თამაშის განახლებიდან ზუსტად 5 წუთში გოლი გაუშვა. „ვერონას“ სასარგებლოდ, პირველი გოლი ლივრამენტმა გაიტანა. 75-ე წუთზე, შეცვლიდან შემოსულმა მოსკერამ პირველივე შეხებით შეძლო სხვაობით ორბურთამდე გაზრდა, შეხვედრის მიწურულს, მსაჯის მიერ დამატებულ მე-4 წუთზე კი დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა. საგულისხმოა, რომ მოსკერამ „ვერონას“ შემადგენლობაში სადებიუტო მატჩი ჩაატარა და პირველივე შეხვედრაში ორი გოლი გაიტანა.
რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, პირველი ტაიმის მონაცემებით, მისი შეფასება 6.8-ს გაუტოლდა.
სერია A-ში „ნაპოლი“ მომდევნო შეხვედრას 24 აგვისტოს, საკუთარ მოედანზე „ბოლონიას“ წინააღმდეგ გამართავს.