ნებისმიერ ტურნირზე მთავარი ფსიქოლოგია - ლაშა გურულის წარმატების საიდუმლო
24-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს კრივში ოლიმპიური პრიზიორი ჰყავს - პარიზის თამაშებზე ბრინჯაოს მედალი 63,5 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლაშა გურულმა მოიპოვა. ის შეჯიბრებაზე განთესილი იყო და ასპარეზობა მერვედფინალში აზერბაიჯანელი მალიკ ჰასანოვის დამარცხებით დაიწყო, რასაც მეოთხედფინალში ყაზახი ბაზარბაი მუჰამედსაბირის ძლევა მოჰყვა, ნახევარფინალურ ეტაპზე კი კუბელ ერლისლანდი ალვარეს ბორხესთან დამარცხდა, რომელიც საბოლოო ჯამში ჩემპიონი გახდა. 27 წლის გურულმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ქრონიკაში“ თავისი წარმატების საიდუმლოზე ისაუბრა.
ლაშა გურული
კრივში სრულიად შემთხვევით, 5 წლის ასაკში მოვხვდი. ზუსტად ორ წელიწადში კი გავაცნობიერე, რომ სპორტის ამ სახეობაში ყველაზე მთავარი იყო ოლიმპიური თამაშები და თუ რაიმე მიზანს ისახავ, პირველ რიგში უნდა დაისახო ამ მთავარ სპორტულ მოვლენაზე მოხვედრა, შემდეგ კი ოქროს მედლის მოგება.
იყო ძალიან ბევრი დაბრკოლება. ბევრი უსამართლობა, წარუმატებლობა გამოვიარე, სუსტიც ვიყავი, მაგრამ მჯეროდა საკუთარი შესაძლებლობების და ყველა ის დაბრკოლება გადავლახე, რაც წინ მეღობებოდა.
ოლიმპიადა რომ დაიწყო, საწყისი რამდენიმე დღე ჩვენი დელეგაცია მედლის მოგებას ვერ ახერხებდა და ტატო გრიგალაშვილმა ეს მოჯადოებული წრე გაარღვია. ამას მოჰყვა ლაშა ბექაურის ისტორიული გამოსვლა და ჩემი განწყობაც ამაღლებული გახდა.
რინგზე გასვლის წინ ჩემ თავს ვეუბნებოდი, რომ ისე მეჩხუბა, მერე არ მენანა, რომ მეტი შემეძლო და ვერ გავაკეთე. ჩემი აზრით, მთავარია შეჯიბრებისთვის მომზადება სწორად დაგეგმო, უშუალოდ ტურნირის დროს კი საქმეში ფსიქოლოგია ერთვება.
ტრავმირებული ხელით ვემზადებოდი ერთი წელი და ჩათვალეთ, რომ ნახევარი სხეული არ მემორჩილებოდა, ამას მეოთხედფინალში წარბის დაზიანებაც მოჰყვა და ბრინჯაოს მედალი ამ პირობებში მოვიგე.
მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ვეცდები უკვე საკუთარი კარიერა პროფესიონალურ კრივში შევქმნა, სამოყვარულო კრივში კი მხოლოდ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე გამოვალ - მთვარ მიზნად კი ბუნებრივია ისევ და ისევ ოლიმპიური ჩემპიონობა რჩება.
პარიზში მიღწეული ოლიმპიური წარმატების გარდა, ლაშა გურული მსოფლიოს ჩემპიონატის ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი, ევროპის ორგზის ვიცე-ჩემპიონი და ევროპული თამაშების ვერცხლის მედალოსანია.