ქოჩორაშვილის ბრწყინვალე გოლი - ლევანტემ სეზონი გამარჯვებით დაიწყო
ლა ლიგა 2-ის ახალი სეზონი გამარჯვებით დაიწყო გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტემ“. ქართველი ნახევარმცველის გუნდი პირველ ტურში სტუმრად ხიხონის „სპორტინგს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით, 2:1 გაიმარჯვა.
გიორგი ქოჩორაშვილმა მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა. ქართველ ფეხბურთელს ვალენსიელთა გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის, რადგან ხიხონის კარში მეორე გოლი სწორედ მის ანგარიშზეა.
„ლევანტემ“ ანგარიში მე-14 წუთზე, კარლოს ალვარესის გოლით გახსნა, 42-ე წუთზე კი გიორგი ქოჩორაშვილმა სხვაობა ორბურთამდე გაზარდა. ქართველმა ნახევარმცველმა ხიხონელთა კარის მიმართულებით დანიშნული საჯარიმო ბრწყინვალედ შეასრულა. ქოჩორაშვილმა თავდაპირველად ილუზია შექმნა, თითქოს ბურთს საჯარიმოში აწვდიდა, თუმცა, მოულოდნელად კარისკენ დაარტყა, რაც „სპორტინგის“ მეკარისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა და რეაგირება ვეღარ შეძლო.
დარჩენილ დროში, მასპინძლებმა ერთი ბურთი გაქვითეს, თუმცა, მატჩის გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
შესაბამისად, „ლევანტემ“ სეზონის პირველივე მატჩი მოიგო და სასიამოვნოა, რომ გიორგი ქოჩორაშვილმა პირველივე ტურში შეძლო თავის გამოჩენა.
„ლევანტე“ მომდევნო შეხვედრას 24 აგვისტოს, საკუთარ მოედანზე „კადისის“ წინააღმდეგ გამართავს.