ხელფასს ორჯერ უზრდიან - როდრი სიტიში რჩება
ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდეც როდრი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ნახევარმცველად ითვლებოდა, თუმცა მას შემდეგ რაც მან კონტინენტის პირველობაზე არაჩვეულებრივი შთაბეჭდილება დატოვა და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს, 28 წლის ცენტრალურ ნახევარმცველზე სატრანსფერო ბაზარზე მოთხოვნა გაიზარდა, რის გამოც „მანჩესტერ სიტის“ ხელმძღვანელები საქმე შეუდგნენ და ესპანელთან თანამშრომლობის გაგრძელებაზე აქტიური მუშაობა დაიწყეს.
იმ შემთხვევაში, თუ ახალ კონტრაქტს დათანხმდება, როდრის ყოველკვირეული ანაზღაურება ორჯერ გაიზრდება და 440 ათას ევროს შეადგენს, რის შემდეგაც ის ერლინგ ჰოლანდთან და კევინ დე ბრუინთან ერთად კლუბის ყველაზე მაღალანაზღაურებადი წევრი გახდება. 28 წლის ესპანელ ნახევარმცველს მოქმედი კონტრაქტი „ქალაქელებთან“ 2027 წლამდე აკავშირებს, სადაც მის გამოსასყიდ სატრანსფერო თანხად 130 მილიონი ევრო არის მითითებული.
„მანჩესტერ სიტისთან“ ერთად როდრიმ 4-ჯერ პრემიერ ლიგა, 2-ჯერ ლიგის თასი, თითოჯერ კი ასოციაციის თასი, ქვეყნის სუპერ თასი, ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერ თასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.