„მასზე ნამდვილად დიდი მოთხოვნაა, მაგრამ ახლა ჩვენთანაა“ - ვალენსიას სპორტული დირექტორი მამარდაზე
„ვალენსიას“ სპორტულმა დირექტორმა, მიგელ ანხელ კორონამ ესპანურ მედიასთან გიორგი მამარდაშვილის მომავალზე ისაუბრა და მედიაში ბოლო პერიოდის განმავლობაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რის მიხედვითაც, ქართველი მეკარის ბედს აქტიურად უკავშირებენ „ლივერპულს“.
რას ამბობს კორონა მამარდაზე:
„ფანტასტიკურია იმის დანახვა, თუ როგორ უყვართ გულშემატკივრებს მამარდაშვილი და რამდენად სურთ, რომ ის კლუბში დარჩეს. სიმართლეა ის, რომ სატრანსფერო ბაზარზე მასზე დიდი მოთხოვნაა, მაგრამ ახლა სათქმელი მეტი არაფერი მაქვს. ფაქტია ის, რომ ახლა ჩვენთანაა. ის ფანტასტიკური, შესანიშნავი მოთამაშეა და მიხარია, რომ ჩვენთვის ხელმისაწვდომია“.
გიორგი მამარდაშვილის გარემოცვა ამ დრომდე აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს „ლივერპულთან“ დიდი შანსია, უახლოეს მომავალში გარიგებაც ოფიციალურად განხორციელდეს.
ცნობისთვის, ქართველმა მეკარემ გუშინ, ლა ლიგის პირველ ტურში „ბარსელონას“ წინააღმდეგ ითამაშა და 6 მოგერიება ჰქონდა, თუმცა, მისი გუნდი საკუთარ მოედანზე „ბლაუგრანასთან“ 1:2 დამარცხდა.