უიღბლო დებიუტი ლიგა 1-ში - ზურიკოს აქტიური თამაში და მარცხი მონაკოსთან
საფრანგეთის ლიგა 1-ში ზურიკო დავითაშვილის დებიუტი „მონაკოსთან’’ შედგა. „სენტ-ეტიენის’’ მთავარმა მწვრთნელმა ოლივიე დალ’ოლიომ ქართველი შემტევი სასტარტოში მარჯვენა გარემარბად დააყენა, ამ ფლანგიდან კუთხურებს ზურიკო ასრულებდა.
„მონაკომ'' „სენტ-ეტიენს'' 1:0 მოუგო, გამარჯვების გოლი 28-ე წუთზე ტაკუმი მინამინომ გაიტანა.
ზურიკოს საუკეთესო მატჩი არ ჰქონია, ფიზიკურად ძლიერ მცველებთან ორთაბრძოლებს აგებდა, თუმცა მის საკლუბო კარიერაში ასეთ დონეზე პირველი შეხვედრა იყო, ელიტარულ ლიგასთან ადაპტაციისთვის დრო დასჭირდება. მით უმეტეს რომ დებიუტი ერთ-ერთ საუკეთესო ფრანგულ კლუბთან ჰქონდა, გასული სეზონის ლიგა 1-ის ვიცე-ჩემპიონთან. ასევე, კარგია რომ თავდაჯერებული და მონდომებულია, რაც მის მოქმედებებში ჩანდა, ბურთს ხშირად ითხოვდა და დაცვასაც აქტიურად ეხმარებოდა, ეს განსაკუთრებით პირველი ტაიმის მიწურულს გამოჩნდა, როცა საკუთარ საჯარიმოში მეტოქის სახიფათო მომენტი განმუხტა.
მეორე ტაიმში „მონაკოს'' საჯარიმოსთან ახლოს კარისკენ დარტყმის კარგი შესაძლებლობა მიიღო, მაგრამ ძალიან ცუდად დაარტყა, ბურთი კარს დიდი მანძილით ააცილა. მალევე, დავითაშვილმა საგოლე პასი შეასრულა, გოლი გავიდა და იზეიმეს, თუმცა გოლი VAR-მა გააუქმა.
დავითაშვილი ფიზიკურად კარგად მომზადებულია, რაზეც ის ფაქტიც მეტყველებს, რომ „სენტ-ეტიენის'' მთავარმა მწვრთნელმა ხუთივე ცვლილება გამოიყენა, მაგრამ ქართველი ფეხბურთელი არ შეცვალა.
შეგახსენებთ, დავითაშვილი „სენტ ეტიენში'' მიმდინარე ზაფხულში გადავიდა, გასული ორი სეზონი „ბორდოში'' გაატარა. გასული სეზონის შემდეგ „სენტ ეტიენმა'' 6 მილიონ ევროდ შეიძინა.
ლიგა 1-ის მეორე ტურში „სენტ ეტიენი'' „ლე ავრს'' მიიღებს, შეხვედრა 24 აგვისტოს გაიმართება.