კარში არ დაურტყამს, მაგრამ საუკეთესო იყო - Watford Observer ჩაკვეტაძეზე
ინგლისის ჩემპიონშიფის ახალი სეზონის მეორე ტურში „უოტფორდმა'' შინ „სტოკ სიტის'' 3:0 მოუგო. ტომ კლევერლიმ გიორგი ჩაკვეტაძე სასტარტოში ათამაშა, ქართველი ფეხბურთელი აქტიური იყო, ბევრს მოძრაობდა, შეტევებს ამწვავებდა და პრესინგშიც აქტიურად მონაწილეობდა, გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა. საბოლოოდ, ჩაკვე მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
Watford Observer-მა „უოტფორდი’’ – „სტოკ სიტის’’ დასრულების შემდეგ სტატია გამოაქვეყნა, რომელიც გიორგი ჩაკვეტაძესაც ეხება. სტატიის ავტორი ენტონი მეტიუსი აღნიშნავს, რომ „უოტფორდის’’ საუკეთესო მომენტების წარმართვაში ქართველი ფეხბურთელი აქტიურად მონაწილეობდა, ის ამ მომენტების გულში იყო.
„შემტევ ნახევარმცველს კარისკენ არ დაურტყამს, მაგრამ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ის ყველაზე მეტად მონაწილეობდა მისი გუნდის საუკეთესო მომენტების წარმართვაში, ის ამ მომენტების გულში იყო. მეტოქის დაცვის გასარღვევად პირდაპირ მირბოდა, თუმცა ასევე შენიშნავდით მის მოედნის ხედვასა და თამაშის ცოდნას, როცა შესანიშნავი გრძელი გადაცემებით თავისუფალ სივრცეში მყოფ თანაგუნდელებს თამაშში რთავდა’’.
ჩაკვეტაძე ბრწყინვალე ფორმაშია, ჩემპიონშიფის საწყის ორ ტურში მის აქტივში გოლი და საგოლე პასია. 2 ტურში ტომ კლევერლის გუნდმა ქულათა მაქსიმუმი მოიპოვა, მესამე ტურში „უოტფორდი'' „დერბი ქაუნთის'' მიიღებს, მატჩი ერთ კვირაში, 24 აგვისტოს გაიმართება.