საბა მამაცაშვილი, ჯონათან ედერსტრემი
Aa
Aa

იბერიადან სირიუსში - მამაცაშვილი შვედურ გუნდში წარადგინეს

„იბერია 1999“-ის და საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელი საბა მამაცაშვილი შვედეთის უმაღლეს ლიგის კლუბ „სირიუსში“ გადავიდა. 21 წლის მარცხენა მცველმა გუშინ 117-წლიანი ისტორიის მქონე გუნდთან კონტრაქტი 2029 წლამდე გააფორმა და პირველი ვარჯიშიც ჩაატარა, თუმცა სანამ სამუშაო ვიზას არ მიიღებს, თანაგუნდელებს ვერ დაეხმარება.

პროფესიული კარიერა მამაცაშვილმა 2021 წელს „იბერიაში“ დაიწყო, როდესაც საქართველოს Crystalbet ეროვნულ ლიგაში შვიდი მატჩი ჩაატარა, მომდევნო სეზონში კი 15 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. 2023 წლის სეზონის დაწყების წინ ის „გაგრაში“ გაანათხოვრეს, სადაც 15 თამაშში თავი 4 გოლითა და 3 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. წლევანდელი სეზონი კი ისევ მშობლიურ „იბერიაში“ გაატარა და ჩვენი ქვეყნის პირველობა 18 მატჩში გატანილი 3 გოლითა და 2 საგოლე პასით დატოვა. ქართველი ახალწვეულის შესახებ „სირიუსის“ სპორტულმა დირექტორმა საინტერესო კომენტარი გააკეთა.

ჯონათან ედერსტრემი

საბა მარცხენა მცველია, რომლის თამაშსაც ჩვენ საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში ვაკვირდებოდით. მისი ძლიერი მხარე შეტევაში პროდუქტიული ჩართვებია - გამოირჩევა როგორც ტექნიკით, ასევე ძლიერი ფიზიკური მონაცემებით, რის ხარჯზეც ართმევაზეც ძლიერია, საბას ყუმბარისებური დარტყმები კი ყველასთვის კარგად ცნობილია.

დარწმუნებული ვარ, რომ უკვე შემოდგომიდან მამაცაშვილი „სირიუსს“ უდიდეს სარგებელს მოუტანს, თუმცა აკლიმატიზაციისთვის გარკვეული დრო უნდა მივცეთ - ვგულისხმობ როგორც მოედანზე, ასევე მოედანს გარეთ, რადგან ენობრივი ბარიერი რაღაც ეტაპზე პრობლემა იქნება. პირადად ჩემთვის ნამდვილად საინტერესო გახლავთ, რამდენად სწრაფად შეძლებს ის ჩვენს სათამაშო სტილთან მორგებას.

შვედეთის 16-გუნდიანი საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგა ალსვენსკანში თვრამეტი ტურის შემდეგ „სირიუსი“ 27 ქულით მე-8 ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
U21: საქართველოს უგოლო ფრე ყაზახეთთან
U21: საქართველოს უგოლო ფრე ყაზახეთთან