ვერონა VS ნაპოლი - კონტეს გეგმა, რა პოზიციაზე ითამაშებს ხვიჩა?
სერია ა-ს პირველ ტურში ნაპოლი ვერონას ესტუმრება. ანტონიო კონტეს პარტენოპეის ხელმძღვანელის რანგში იტალიის ჩემპიონატში დებიუტი ექნება.
ნეაპოლური გამოცემა CalcioNapoli24 სავარაუდო შემადგენლობას და ტაქტიკას გვთავაზობს. წყაროს ცნობით, კონტე 3-4-2-1 სისტემას გამოიყენებს.
ბონჯორნო ტრავმირებულია და დაცვაში შემდეგი სამეული მოგვევლინება: რაჰმანი, ოლივეირა, დი ლორენცო.
რაც შეეხება ნახევარდაცვას, საყრდენ ზონაში უცვლელად ლობოტკას და ანგისას დუეტს ვიხილავთ. მარჯვენა და მარცხენა ფლანგს მთლიანად მაზოკი და სპინაცოლა ჩაიბარებენ.
ცენტრალურ თავდამსხმელად რასპადორი მოგვევლინება, რომელსაც ზურგს ხვიჩა კვარაცხელია და მატეო პოლიტანო გაუმაგრებენ.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ტაქტიკით ანტონიო კონტე წინასასეზონო მოსამზადებელ პერიოდში თამაშობდა.
ცნობისთვის, იტალიელ სპეციალისტს თავისი სისტემის სრულყოფისთვის რომელუ ლუკაკუ ესაჭიროება, რომლის ტრანსფერიც ვიქტორ ოსიმენის გამო იწელება. ვერონასა და ნაპოლის დაპირისპირება 18 აგვისტოთი თარიღდება და თბილისის დროით 20:30-დან დაიწყება.