„ევრო 2024-ის შემდეგ თვალით არ მინახავს“ - გუარდიოლა როდრიზე გაბრაზებულია
ინგლისის პრემიერ ლიგის გათამაშებას ბოლო წლების უცვლელი ჩემპიონი „მანჩესტერ სიტი“ ხვალ უპრინციპულესი მატჩით დაიწყებს და „სტემფორდ ბრიჯზე“ პეპ გუარდიოლას მომზადებული „ქალაქელების“ მეტოქე ლონდონის „ჩელსი“ იქნება. სხვადასხვა მიზეზების გამო მანჩესტერელებს ბევრი წამყვანი ფეხბურთელი აკლიათ, რომელთა შორისაც ყველაზე მტკივნეული მაინც როდრის არყოფნაა და კატალონიელ სპეციალისტს პირველი შეკითხვა სწორედ მასზე დაუსვეს, რაზეც გუარდიოლამ ორაზროვანი პასუხი გასცა.
რა თქვა გუარდიოლამ
არ ვიცი როდრი როგორ გრძნობს თავს, რადგან ევრო 2024-ის შემდეგ ის თვალით არ მინახავს. მითხრეს, რომ ინგლისელებთან მატჩში მიღებულ ტრავმას მკურნალობს და სულ მალე დაიწყებს ვარჯიშს. შევხედავთ როგორ იქნება. ერთ რამეს დანამდვილებით გეტყვით - „ჩელსისთან“ ნამდვილად არ იქნება.
მის გარდა არიან კონტინენტის პირველობის ფინალის მონაწილე სხვა ფეხბურთელებიც, ფილ ფოდენი, კაილ უოკერი და ჯონ სტოუნზი. მართალია მათ სულ რაღაც ორი-სამი ვარჯიშის ჩატარება მოასწრეს, მაგრამ პროფესიონალიზმით გამოირჩევიან და ოპტიმალურ ფორმაში დაბრუნდნენ, რის გამოც 90 წუთი არა, მაგრამ „სტემფორდ ბრიჯზე“ შესაძლოა რამდენიმე წუთით ითამაშონ.
„ჩელსი“ – „მანჩესტერ სიტის“ შეხვედრა ხვალ თბილისის დროით, 19:30 წუთზე დაიწყება და ამ მატჩში „არისტოკრატების“ მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე ენცო მარესკა სადებიუტო შეხვედრას ჩაატარებს.