გიუნდოგანი, რაფინია, ფატი - ფლიკის შავი სია ცნობილია
„ბარსელონას“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰანსი ფლიკი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ცდილობს შემადგენლობა საკუთარი ხედვით დააკომპლექტოს და იმ ფეხბურთელების გაშვებით, რომლებიც მის გეგმებში არ ჯდება, კლუბის ბიუჯეტი განმუხტოს და ხელმძღვანელებს ახალი ტრანსფერების განხორციელებისთვის მეტი საშუალება მისცეს.
კატალონიური გამოცემა SPORT-ის ცნობით, გერმანელი სპეციალისტი სამომავლო გეგმებში ილქაი გიუნდოგანს, რაფინიასა და ანსუ ფატის არ განიხილავს, რის გამოც „ბლაუგრანა“ ამ ფეხბურთელების გასხვისებას, ან რომელიმე გუნდში იჯარით გაშვებას ცდილობს. რაფინიას სანაცვლოდ კატარული „ალ საადი“ 65 მილიონ ევროს იხდიდა, რაზეც „ბარსა“ თანახმა იყო, მაგრამ აზიაში გადაბარგება თავად ბრაზილიელმა ფეხბურთელმა იუარა. სტამბულის „ფენერბახჩეს“ მთავარ მწვრთნელს ჟოზე მოურინიოს კი გიუნდოგანის დამატების გარდა, ფატის იჯარით აყვანაც სურს, რომელიც ტრავმირებულია და მოედანს სექტემბერში დაუბრუნდება.
ბევრი იწერებოდა ფრენკი დე იონგის წასვლასთან დაკავშირებით, რომელიც დაუდასტურებელი ინფორმაციით გუნდში ყველაზე მეტს, წლიურად 40 მილიონ ევროს იღებს, მაგრამ ფლიკი მას ნახევარდაცვის უმნიშვნელოვანეს ფიგურად განიხილავს და ნიდერლანდელის „მანჩესტერ იუნაიტედში“ გაშვებაზე კატეგორიული უარი განაცხადა.