პარი სენ-ჟერმენმა რეკორდებით დაიწყო
მთავარი ვარსკვლავისა და ლიდერის, კილიან მბაპეს გარეშე დარჩენილმა „პარი სენ-ჟერმენმა“ საფრანგეთის ჩემპიონატი შთამბეჭდავი გამარჯვებით დაიწყო. ლუის ენრიკეს შეგირდებმა სტუმრად „ლე ავრი“ 4:1 დაამარცხეს და როგორც გულშემატკივრებს, ასევე სტატისტიკის მოყვარულებს თავი რამდენიმე საინტერესო ფაქტით დაამახსოვრეს.
ოთხიდან სამი გოლი ცვლილებაზე შესულმა ფეხბურთელებმა, უსმან დემბელემ, ბრედლი ბარკოლამ და რანდალ კოლო მუანიმ გაიტანეს, რაც კლუბის ისტორიაში ბოლოს 1996 წლის 3 სექტემბერს მოხდა, როდესაც პარიზელებმა „მონპელიე“ 3:0 ხულიო დელი ვალდესის, ლეონარდოსა და ლორან ფურნიეს ზუსტი დარტყმებით დაამარცხეს. ასევე გეტყვით, რომ ეს სამივე გოლი 85-ე წუთის შემდეგ გავიდა და რომელიმე გუნდმა ამდენი ბურთის ბოლო ხუთ წუთში გატანა საფრანგეთის ლიგა 1-ის გათამაშებაში უკანასკნელად 2016 წლის 5 ნოემბერს მოახერხა - მაშინ „მონაკომ“ „ნანსის“ 6-0 აჯობა და ენდშპილში თავი გვიდო კარილიომ დუბლით, ხოლო ფაბინიომ ერთი ბურთით გამოიჩინა.
ასევე აღსანიშნავია სენ-ჟერმენის რიგებში 16 წლის იბრაჰიმ მბაიეს დებიუტი, რომელიც ლუის ენრიკემ ძირითად შემადგენლობაში დააყენა და შესვენების შემდეგ „ბენფიკადან“ დამატებული ჟოაუ ნევეშით შეცვალა. მბაიე უნიჭიერეს მოთამაშედ ითვლება და პსჟ-ს 19-წლამდე გუნდში წინა სეზონში გამართულ 22 მატჩში მის ანგარიშზე 8 გოლი და 14 საგოლე გადაცემაა.