„ბათუმი ვალმოხდილმა დავტოვე, ყველაფერს აქვს დასასრული“ - მამუჩაშვილი შერიფში წასვლის მიზეზებზე
ბათუმის „დინამოში“ გატარებული 6-წლიანი პერიოდის შემდეგ, ვლადიმერ მამუჩაშვილმა ზღვისპირული კლუბის დატოვება და კარიერის საზღვარგარეთ გაგრძელება გადაწყვიტა. რამდენიმე დღის წინ 27 წლის ფეხბურთელმა ტირასპოლის „შერიფთან“ 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. როგორია შთაბეჭდილებები ახალ გუნდზე და რა იყო საქართველოს მოქმედი ჩემპიონიდან წასვლის მთავარი მიზეზი, ამის შესახებ მან Crystalsport-თან ვრცლად ისაუბრა.
ლადო მამუჩაშვილი
„შერიფის“ მხრიდან ინტერესი ყოველთვის არსებობდა და მიკავშირდებოდნენ, მაგრამ აქ გადმოსვლა მხოლოდ ახლა გადავწყვიტე, რადგან აქამდე ტირასპოლურ კლუბს უკრაინელი სპეციალისტი ავარჯიშებდა, რომელიც აქცენტს მეორე ნომრად თამაშზე აკეთებდა, ახლა კი სათავეში ხორვატი მწვრთნელი მოვიდა, ის კი ზუსტად ისეთი, შემტევი სტილის მოყვარულია, რომელიც ჩემ გემოვნებაში ჯდება.
სამწუხაროდ, წელს „შერიფისთვის“ ევროტურნირები ნაადრევად დასრულდა, მაგრამ ამისგან ტრაგედიის შექმნას არ ვაპირებთ და ვეცდებით მოლდოვის ჩემპიონები გავხდეთ, რაც საშუალებას მოგვცემს ევროტურნირებზე კვლავაც ვითამაშოთ და პროგრამა-მინიმუმი კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა იქნება.
ვფიქრობ, რომ „დინამო ბათუმი“ ვალმოხდილმა დავტოვე. წასვლა ჩემი პირადი გადაწყვეტილება გახლდათ, რადგან ყველაფერს აქვს დასასრული. სხვა გუნდში კარიერის გაგრძელება ჯერ კიდევ ზამთარში შემეძლო, მაგრამ „დინამო ბათუმი“ არ დავაღალატე და გადავწყვიტე ევროტურნირების დასრულებამდე დავრჩენილიყავი.
ვლადიმერ მამუჩაშვილმა, რომელსაც თვის ბოლოს 28 წელი უსრულდება, ბათუმელებთან ერთად Crystalbet ეროვნული ლიგა ორჯერ, 2021 და 2023 წლებში მოიგო და ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 9 მატჩის გამართვაც მოასწრო.