„ისედაც საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა გვყავს“ - არნე სლოტი შესაძლო ტრანსფერებზე
ხვალ „ლივერპული“ პრემიერლიგის პირველი ტურის ფარგლებში „იფსვიჩს“ ესტუმრება და სეზონის პირველ ოფიციალურ მატჩს გამართავს.
მერსისაიდელების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა, მათ შორის ისაუბრა სატრანსფერო ბაზარზე კლუბის აქტიურობაზე.
„არაერთხელ მაქვს ნათქვამი, რომ ისედაც საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა გვყავს, ამიტომ რთულია ისეთი ფეხბურთელების მოძებნა, რომლებიც „ლივერპულს“ გააძლიერებდნენ. ერთი ასეთი ფეხბურთელი მარტინ სუბიმენდი იყო, თუმცა მან „ლივერპულში“ გადმოსვლა არ ისურვა. რიჩარდ ჰიუზმა ყველაფერი სცადა, თუმცა თუ ფეხბურთელს გადმოსვლა არ სურს, ასეთ დროს ვერაფერს იზამ. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შემადგენლობა შევინარჩუნეთ. მართალია, წავიდნენ მატიპი, ტიაგო და ადრიანი, თუმცა დანარჩენები აქ არიან და ეს პოზიტიური ფაქტია. იურგენ კლოპმა კარგი გუნდი დატოვა, ჩვენ კი ვცდილობთ, ის კიდევ უფრო გავაძლიეროთ“.
როგორც ესპანური, ისე ბრიტანული მედია აქტიურად წერს გიორგი მამარდაშვილის საკითხზე „ლივერპულსა“ და „ვალენსიას“ შორის მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ.
არსებული ინფორმაციით, „წითლებმა“ მამარდასთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმეს და თუ „ვალენსია“ და „ლივერპული“ ტრანსფერის ღირებულებაზე შეთანხმდებიან, მამარდაშვილი „მესტალიას“ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს დატოვებს და ორწლიანი იჯარით „ბორნმუთში“ გადავა, 2026 წელს კი „ლივერპულის“ ფეხბურთელი გახდება.