შაჩირი სიგუასთან წავიდა
შვეიცარიის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი სერდან შაჩირი სამშობლოში დაბრუნდა და წლევანდელ სეზონში გაბრიელ სიგუას თანაკლუბელი იქნება. 32 წლის ნახევარმცველი „ბაზელს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, რომლის ღირსებასაც ახალგაზრდა ქართველი ნახევარმცველი უკვე ერთი წელია იცავს, თუმცა რამდენიმე დღის წინ სერიოზული ტრავმა მიიღო და დაახლოებით ორი თვე ვერ ითამაშებს.
შაჩირის ბოლო გუნდი MLS-ის „ჩიკაგო ფაირი“, სადაც ორი სეზონის მანძილზე გამოდიოდა და 69 შეხვედრაში თავი 14 გოლით გამოიჩინა. საინტერესოა, რომ საკლუბო კარიერა მან სწორედ „ბაზელში“ დაიწყო, რის შემდეგაც სხვადასხვა დროს „ბაიერნის“, „ინტერის“, „სტოკ სიტის“, „ლივერპულისა“ და „ლიონის“ ღირსებას იცავდა. საერთო ჯამში ამ გუნდების რიგებში გამართულ 496 შეხვედრაში მან 92 გოლი გაიტანა.
თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ შაჩირისთვის გაცილებით უფრო წარმატებული სანაკრებო ფეხბურთია და ერთი უნიკალური რეკორდის ავტორიც გახლავთ - სერდან შაჩირი პირველი ფეხბურთელია, რომელსაც სამ მსოფლიოს და სამ ევროპის ჩემპიონატზე მინიმუმ ერთი ბურთი მაინც აქვს გატანილი.