„გული მწყდება, ერთ დროს განვითარების გზაზე ვიდექით“ - გეგუჩაძემ ევროტურნირები შეაფასა
უკვე მეოთხე ათეული წელია საქართველოს საფეხბურთო კლუბები ევროტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპებზე ასპარეზობენ და ერთადერთი მწვრთნელი, რომელმაც შეძლო ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლის ამა თუ იმ საკლუბო ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე გაყვანა, გია გეგუჩაძე გახლდათ - 2004 წელს მისი გაწვრთნილი თბილისის „დინამო“ უეფას თასის ძირითად ბადეში მოხვდა, მას შემდეგ კი მსგავსი წარმატებისთვის არც ერთ ქართულ გუნდს აღარ მიუღწევია. 59 წლის გეგუჩაძემ, რომელიც „დინამო ბათუმიდან“ წასვლის შემდეგ უმუშევარია და მოლოდინის რეჟიმში გახლავთ, Crystalsport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ევროპულ საკლუბო ტურნირებზე Crystalbet ეროვნული ლიგის წარმომადგენლების გამოსვლა შეაფასა.
რა თქვა გეგუჩაძემ
დადებითს ვერაფერს ვიტყვი, წარუმატებლობის მიზეზები კი უამრავია. ფაქტია, რომ ჩვენს ქვეყანაში საკლუბო ფეხბურთი მისახედია. ის თანხები, რაც იხარჯება საკმარისი არ არის, ასევე არ ხდება მიზანმიმართული მუშაობა და სისტემურ პრობლემასთან გვაქვს საქმე.
ცალკე აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ კლუბების შემადგენლობა ყოველწლიურად კი არა, უკვე წელიწადში ორჯერ, სატრანსფერო ფანჯრიდან სატრანსფერო ფანჯრამდე იცვლება. ზუსტად ევროტურნირების წინ 10-15 ფეხბურთელი მიდის გუნდიდან, ასე კი შედეგის მიღწევა გამორიცხულია.
„დინამო ბათუმი“? გული მწყდება, რომ ერთ დროს განვითარების გზაზე ვიდექით, ახლა კი ამ გუნდის ასეთ მდგომარეობაში ყურება სასიამოვნო არ არის. რა იყო ბათუმელთა არადამაჯერებელი ასპარეზობის მიზეზი ეს კითხვა უფრო კლუბის ხელმძღვანელებს ეკუთვნით, მე კი გულწრფელად მწყინს და ყოველთვის მეწყინება ამ გუნდის წარუმატებლობა.
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის ჩემპიონთა ლიგისა და კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპებზე გამართული 14 მატჩიდან საქართველოს ოთხმა კლუბმა 3 მოიგო, 4 ფრედ დაასრულა 5 წააგო, ბურთების შეფარდება 10:17-ზეა.