ლაუტაროს ტრანსფორმაცია | როგორ იქცა „ელ ტორო“ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფორვარდად
4 ივლისს ლაუტარო მარტინესის „რასინგიდან“ „ინტერში“ გადასვლიდან 6 წელი შესრულდა. მაშინ მილანელთა სპორტული დირექტორი პიერო აუზილიო ამბობდა: ლაუტარო ვარსკვლავი გახდება - არა უბრალოდ მაღალი დონის ფორვარდი, არამედ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო. ასეც მოხდა, თუმცა ამას გარკვეული დრო დასჭირდა.
გასული სეზონი ლაუტაროს კარიერაში უდავოდ საუკეთესო იყო. მან „ინტერთან“ ერთად მეორე სკუდეტო მოიგო, გახდა სერია ა-ს ბომბარდირი, მოიგო იტალიის სუპერთასი, ზაფხულში კი არგენტინის ნაკრებთან ერთად კოპა ამერიკაზე გაიმარჯვა, სადაც 5 გოლით (მათ შორის ფინალში გამარჯვების გოლით) ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
ორი წლის წინ ლაუტაროს მსოფლიო ჩემპიონატზე ნაჩვენები სუსტი თამაშის გამო აკრიტიკებდნენ, თუმცა ლაუტარომ ზეწოლას გაუძლო და შეიცვალა არა მხოლოდ მოედანზე, არამედ მის მიღმაც.
„ელ ტორო“
ლაუტაროს მეტსახელი „ელ ტორო“, რაც ესპანურად ხარს ნიშნავს, ყველაზე კარგად ასახავს მისი თამაშის სტილს. მიუხედავად იმისა, რომ ლაუტაროს ცენტრფორვარდებისთვის დამახასიათებელი სიმაღლე არ აქვს (მისი სიმაღლე მხოლოდ 178 სანტიმეტრია), მარტინესი კარგად თამაშობს თავით, ხშირად გამოდის გამარჯვებული მცველებთან ფიზიკური ორთაბრძოლებიდანაც და იქმნება შთაბეჭდილება, რომ მას ულევი ენერგია აქვს.
„ბავშვობაში გადატანილი სირთულეების გამო სხვებზე ადრე გავიზარდე და მივხვდი, რომ ცხოვრებაში ჩემი საკუთარი გზა მაქვს და ეს ფეხბურთია. თუ შეიძლება ერთი ფრაზით ვინმეს აღწერა, ჩემს შემთხვევაში ეს არის ფრაზა „რაც არ მკლავს, მაძლიერებს“. თავს ამ ფრაზასთან ვაიდენტიფიცირებ. ის ყველაზე კარგად ასახავს ყველაფერს, რაც ბავშვობაში გადავიტანე. ჩემი პირველი პროფესიული კლუბი „რასინგი“ იყო, სადაც თანაგუნდელმა „ელ ტორო“ შემარქვა, იმიტომ რომ ყოველთვის გაბრაზებული ვიყავი და ყველა ორთაბრძოლაში შევდიოდი. ეს მეტსახელი მას შემდეგ თან მდევს“, - ამბობს მარტინესი.
რომ არა დიეგო მილიტო, ლაუტარო „ატლეტიკოში“ გადავიდოდა
„ინტერსა“ და არგენტინას შორის ყოველთვის ძლიერი კავშირი არსებობდა. კლუბის თანამედროვე ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი არგენტინელი ხავიერ ძანეტია. 2000-2010-იან წლებში „ინტერის“ ლეგიონერების დიდ ნაწილს არგენტინელები შეადგენდნენ და ეს ახლაც ასეა. ლაუტაროს გარდა, გუნდში არიან ვალენტინ კარბონი და ხოაკინ კორეა. ეს სატრანსფერო ბაზარზე ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობის შედეგია.
„არგენტინელი ფეხბურთელები ძალიან გვიყვარს. კლუბის ისტორიაში ძალიან ბევრი ძლიერი არგენტინელი გვყავდა და ეს ფაქტია. მუდმივად ვაკვირდებით ამ ბაზარს, ხანდახან ევროპულ ბაზარზე უფრო ყურადღებითაც. რატომ მოხდა ასე? ჩვენ გვესმის არგენტინელების მენტალიტეტის: ისინი შრომისმოყვარე ბიჭები არიან, რომლებიც ისეთივე ენთუზიაზმით თამაშობენ, როგორც იტალიელები“, - ამბობს აუზილიო.
ერთხელ „ინტერის“ სპორტულ დირექტორს ღამით აგენტმა დაურეკა და ახალგაზრდა არგენტინელი ფორვარდის ნახვა შესთავაზა - აუზილიომ მაშინვე ეს საქმე თავის მარჯვენა ხელს, დარიო ბაჩინს დაავალა. პარალელურად ინფორმაციას აგროვებდა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი ხავიერ ძანეტი, რომელმაც საქმეში ძველი მეგობარი, დიეგო მილიტო ჩართო.
დიეგოს და ლაუტაროს ერთადაც უთამაშიათ - სწორედ მილიტო შეცვალა ახალგაზრდა მარტინესმა „რასინგში“ სადებიუტო შეხვედრაში.
„მახსოვს, რომ „კრუსეროს“ წინააღმდეგ დუბლის შემდეგ მწვრთნელმა მითხრა, რომ მცვლიდა, - ყვება მილიტო. - მაშინ არ დავეთანხმე და ძალიან ნელა მივდიოდი სათადარიგოთა სკამისკენ. ჩემ წინ პატარა ბიჭი იდგა და რაღაც მომენტში მან ვეღარ გაუძლო და მომაძახა - „მოდი, მოდი! დაუჩქარე“. ეს ლაუტარო იყო. უკვე მაშინ იგრძნობოდა, რომ მას სურდა თამაში, მოედანზე ლიდერობა, საქმის საკუთარ თავზე აღება“.
იტალიური მედია წერდა, რომ სწორედ მილიტომ დაარწმუნა „ინტერის“ ხელმძღვანელობა, ლაუტარო ეყიდათ. Transfermarkt-ის ცნობით, მაშინ ინტერმა 25 მილიონი გადაიხადა, ახლა ლაუტაროს ფასი კი 100 მილიონს აღემატება.
„მილიტომ განაცხადა, რომ რამდენიმე წელიწადში ლაუტარო დიდი ვარსკვლავი გახდება, - იხსენებს ბაჩინი. - როდესაც ხუმრობით ვკითხე, გახდება თუ არა ლაუტარო მასზე ძლიერი, დიეგომ ძალიან სერიოზულად მიპასუხა, რომ ლაუტაროს უფრო ძლიერი გოლის ალღო აქვს. მაშინ მივხვდი, რომ თუ მილიტო ვინმეს ასე აფასებს, ის გამორჩეულად ნიჭიერი იქნება“.
მაშინ ლაუტარო მადრიდში გადასვლასთანაც იყო ახლოს. ინტერნეტში იძებნება ფოტოები, სადაც მარტინესს ხელში „ატლეტიკოს“ საბუთები უჭირავს: მხარეები 6-წლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ, ლაუტარო კი იჯარით ისევ „რასინგში“ ბრუნდებოდა, თუმცა ძანეტიმ და მილიტომ ეფექტურად იმოქმედეს - სწორედ დიეგომ დაარწმუნა ახალგაზრდა ფორვარდი, „ინტერში“ გადასულიყო.
როგორ შეცვალა ლაუტარო კაპიტნობამ
2023 წლის შემოდგომაზე ლაუტარო „ინტერის“ კაპიტანი გახდა, მას შემდეგ რაც გუნდი ბროზოვიჩმა დატოვა.
„ამისთვის მზად არ ვიყავი. ფეხბურთი გუნდური, მაგრამ ძალიან ინდივიდუალური სპორტის სახეობაა, - ამბობს ლაუტარო. - ის დიდწილად პიროვნულ განვითარებას ითვალისწინებს. თავდამსხმელი ეგოისტია. კაპიტნობა კი ითვალისწინებს, რომ შენი აზროვნება უნდა შეცვალო და სხვებზეც იფიქრო, იმიტომ რომ მთელი გუნდის წარმომადგენელი ხდები. ამ როლს დავთანხმდი, იმიტომ რომ „ინტერის“ კაპიტნობა უდიდესი პატივი და პრივილეგიაა“.
კაპიტნობამ ლაუტარო შეცვალა და ეს მწვრთნელის გადაწყვეტილებებზე მისი რეაქციებიდანაც ჩანს. 2020 წლის ოქტომბერში „ინტერმა“ შინ „ჯენოა“ 3:0 დაამარცხა. მარტინესს არ გაუტანია, 76 წუთზე კი ის შეცვალეს, რის გამოც არგენტინელმა ისტერიკა მოაწყო: არ ჩამოართვა ხელი ანტონიო კონტეს, სათადარიგოთა სკამისკენ მოისროლა წვივის დამცავები და წყლის ბოთლები. როდესაც კონტეს ასისტენტმა ლაუტაროს ემოციების მოთოკვა სთხოვა, არგენტინელმა მიაძახა: „შენ მთავარი მწვრნთელი ხარ? არა? მაშინ ჭკუას ნუ მასწავლი!“. ახლა ასეთი რამ უბრალოდ წარმოუდგენელია. მარტინესი გაიზარდა, მისი იმპულსიურობა კი გაქრა.
„ლაუტარო ძალიან მშვიდი და კეთილი ბიჭია. ის, როგორც კაპიტანი, მწვრთნელებსა და მოთამაშეებს შორის კავშირს უზრუნველყოფს. თუ სიმონე ინძაგის ფეხბურთელებთან დაკავშირებით რაღაც კითხვა აქვს, ის ამაზე მარტინესთან მსჯელობს. ლაუტარო გუნდში ატმოსფეროს შექმნაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს“, - ამბობს ინძაგის ასისტენტი მასიმილიანო ფარისი.
„კონტეს დროს ეგოისტი ვიყავი, მას კი ეს მოსწონდა“.
„როდესაც ისეთ დიდ კლუბში მოდიხარ, როგორიც „ინტერია“, ყოველდღე უნდა ვითარდებოდე, - აცხადებს მარტინესი. - შენ გექნება მხოლოდ რამდენიმე შანსი, საუკეთესო თვისებები აჩვენო. თუ ხალხი დაინახავს, რომ საქმეს ვერ უმკლავდები, ძირითადში ადგილს მალევე დაკარგავთ. მე ყოველთვის ისე ვმუშაობდი, თითქოს ამ ერთ ვარჯიშსა თუ მატჩზე „ინტერში“ ჩემი მომავალია დამოკიდებული“.
„ინტერში“ ლაუტაროს სამი მწვრთნელი ჰყავდა. ლუჩანო სპალეტის გუნდში 35 მატჩში „ელ ტორომ“ 9 გოლი გაიტანა. არგენტინელს უჭირდა საკუთარი სტილის მოძებნა, იმიტომ რომ სპალეტი ხშირად მეტოქიდან გამომდინარე ცვლიდა თამაშის სტილს. ანტონიო კონტე აქცენტს შედეგზე აკეთებდა, მის პერიოდში ლაუტარომ სტატისტიკა გააუმჯობესა, თუმცა გუნდთან კავშირი დაკარგა.
„სადაც პასის მიცემა იყო საჭირო, მე თამაშს საკუთარ თავზე ვიღებდი და ვცდებოდი, - ამბობს მარტინესი. - კონტესთან ერთად პირველად მოვიგე სკუდეტო და მისი უზომოდ მადლიერი ვარ. თუმცა მე ეგოისტი ვიყავი, მას კი ეს მოსწონდა. ყველას საკუთარი მეთოდები აქვს, მე არ მაქვს მისი გაკრიტიკების უფლება“.
სიმონე ინძაგიმ ლაუტაროს დაცვითი ფუნქციების შესრულებაც დაავალა, რაც, მარტინესის თქმით, უფრო რთული, მაგრამ ამავე დროს უფრო საინტერესოც იყო.
„სიმონემ წარმოუდგენელი სამუშაო გასწია, - აქებდა ლაუტარო ინძაგის, როდესაც „ინტერმა“ მე-20 ჩემპიონობა იზეიმა. - ყველას გვახსოვს, როგორ აკრიტიკებდნენ მას 2023 წლის მარტში, თუმცა მან ზეწოლას გაუძლო და კიდევ უფრო დაიხვეწა. მასთან ერთად გაიზარდა და პროგრესირებდა გუნდიც. მადლობელი ვარ ინძაგის და „ინტერის“ ხელმძღვანელობის. ამ დონეს რომ მივაღწიე, ეს მათი დიდი დამსახურებაცაა“.
ბრწყინვალე სეზონმა ლაუტაროს დამსახურებული აღიარება მოუტანა - Goal.com-ი „ელ ტოროს“ „ოქროს ბურთის“ მოგების 5 ფავორიტს შორის ასახელებს და როგორც „ინტერის“, ასევე არგენტინის ნაკრების გულშემატკივრებს სჯერათ, რომ ლაუტაროს საუკეთესო მატჩები ჯერ კიდევ წინაა.