„დარწმუნებული ვარ, ახალი ჩემპიონი გვეყოლება“ | UFC-ის მებრძოლი ილიასა და მაქსის ჩხუბზე
ჩეპე მარისკალი UFC-ის მებრძოლია და ქვემსუბუქ წონით დივიზიონში ასპარეზობს, რომლის საჩემპიონო ქამარსაც ილია თოფურია ფლობს. მარისკალმა „ელ მატადორზე“ ისაუბრა და ივარაუდა, რომ UFC 308-ის შემდეგ, რომლის მთავარი მოვლენაც ილიასა და მაქს ჰოლოუეის ჩხუბია, ახალი ჩემპიონი გვეყოლება.
„მაქს ჰოლოუეი ილია თოფურიას დაამარცხებს. ამაში დარწმუნებული ვარ. ჰოლოუეის მოძრაობები და ის, რომ მაქსი არასდროს ჩერდება, თოფურიას ძალიან ღრმა წყლებში ჩაიყვანს და დაღლის. პირველ რაუნდში, ილია მეტოქეს გამოცდის და სხვადასხვა კომბინაციებით შეუტევს. იმას გააკეთებს, რაც ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან გააკეთა.
მეორე რაუნდში, თოფურია შეეცდება, საქმე ბოლომდე მიიყვანოს და ჰოლოუეი დააფინიშოს, თუმცა, თუ მაქსმა აქტიურობა და ოქტაგონზე გადაადგილება არ შეწყვიტა, შეუჩერებელი იქნება. იგივე მოხდება, რაც ჯასტინ გეიჯისა და მაქსის ჩხუბში ვნახეთ“.
ცნობისთვის, ჰოლოუეი ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონია და მის ანგარიშზე 26 მოგება და 7 წაგებაა. ის და ილია UFC 308-ზე იჩხუბებენ, რომელსაც აბუ-დაბი უმასპინძლებს.