„ზარესგან ოქროს ველოდით“ - ირანული პრესა ფინალზე
პარიზის ოლიმპიური თამაშები ირანის ჭიდაობის ისტორიაში საუკეთესო გამოდგა - ირანელები ბერძნულ-რომაულ და თავისუფალი სტილით ჭიდაობაში 11 სპორტსმენით იყვნენ წარმოდგენილი და 8 მათგანი სამშობლოში სხვადასხვა სინჯის მედლით დაბრუნდა. საერთო ჯამში კი ირანელმა მოჭიდავეებმა 2 ოქროს, 4 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, რაც ბუნებრივია არაჩვეულებრივი შედეგია, თუმცა იქაური სპორტული მედია ძლიერ განიცდის ყველაზე პრესტიჟულ მძიმე წონაში ჰოსეინ ზარეს გენო პეტრიაშვილთან დამარცხებას, რაზეც გუშინ გამოქვეყნებული სტატიაც კარგად მეტყველებს.
რას წერენ პეტრიაშვილი-ზარეს ფინალზე
როდესაც შენ წონაში ტაჰა აკგულისა და გენო პეტრიაშვილის მასშტაბის სპორტსმენები ჭიდაობენ, ჩემპიონობის დაგეგმვა რთულია, მაგრამ ზარეს ასაკიდან და მისი სპორტული ფორმიდან გამომდინარე, ირანელი მოჭიდავეებიდან თუ ვინმეზე გადაჭრით შეიძლებოდა იმის თქმა რომ ოქროს მედალს მოიგებდა, სწორედ ის გახლდათ.
ასაკი ვახსენეთ და რახან ის ჯერ მხოლოდ 23 წლისაა, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი წინ აქვს და აქედან გამომდინარე, მას გენომ და ტაჰამ მოტივაციით აჯობეს. თურქის კარიერაში ეს საერთოდ ბოლო შეჯიბრება იყო, პეტრიაშვილი კი რიო დე-ჟანეიროსა და ტოკიოს იმედგაცრუებების შემდეგ, ჩემპიონობას უმიზნებდა.
შეგახსენებთ, რომ გენო პეტრიაშვილმა (125 კგ) ფინალში სწორედ ირანელი ამირ ჰოსეინ ზარე დაამარცხა და ოლიმპიურ თამაშებზე კომპლექტი შეკრა - 30 წლის გორელი მოჭიდავის ანგარიშზე 2016 წლის რიო დე-ჟანეიროს თამაშებზე ბრინჯაოს, 2021 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის, ხოლო ახლახანს დასრულებულ პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე ოქროს მედალია.