ქოჩორაშვილს პრემიერლიგის გუნდი იწვევდა - რატომ ჩაიშალა ტრანსფერი
Cadena SER-ის ინფორმაციით, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ „ლევანტეს“ ქართველ ნახევარმცველს, გიორგი ქოჩორაშვილს ინგლისის პრემიერლიგის გუნდი იწვევდა.
ესპანური გამოცემის ცნობით, პრემიერლიგამ ქოჩორაშვილს მუშაობის ნებართვა არ მისცა, ვინაიდან მან ინგლისში სათამაშოდ საჭირო რაოდენობის ქულა ვერ დააგროვა. ამის გამო ქოჩორას ჩაეშალა მოლაპარაკებები პრემიერლიგის გუნდთან, რომელსაც „ლევანტედან“ მისი შეძენა სურდა.
რას წერს Cadena SER-ი:
„იმ ფაქტმა, რომ „ლევანტე“ ესპანეთის მეორე ლიგაში ასპარეზობს, ქოჩორაშვილის ტრანსფერი შეუძლებელი გახადა, მიუხედავად იმისა, რომ მან საქართველოს ნაკრებში, მათ შორის ევროპის ჩემპიონატზე ძალიან კარგი მატჩები ჩაატარა“.
ლა ლიგა 2-ის პირველ მატჩს „ლევანტე“ 18 აგვისტოს, სტუმრად ხიხონის „სპორტინგის“ წინააღმდეგ გამართავს. ფინანსური პრობლემების გამო „ლევანტე“ ახალწვეულ ფეხბურთელებს ვერ არეგისტრირებს - კლუბს ამჟამად პირველი გუნდის მხოლოდ 11 ფეხბურთელი ჰყავს დარეგისტრირებული, რომელთა შორის არც ერთი მეკარე არაა. კლუბს სასწრაფოდ სჭირდება რომელიმე ფეხბურთელის გაყიდვა, შესაბამისად, არაა გამორიცხული, რომ ქოჩორაშვილმა ვალენსიური კლუბი მიმდინარე ზაფხულში მაინც დატოვოს.