ორსატომ რუსები უარით გაისტუმრა
ევროპული და მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოების მხრიდან სრულ იზოლაციაში მოქცეული რუსეთის საფეხბურთო კავშირის ხელმძღვანელები რთული მდგომარეობიდან გამოსავლის პოვნას მათ ქვეყანაში ცნობილი საფეხბურთო პერსონების მიწვევით ცდილობენ და ზოგ შემთხვევებში იმ დიდი ფინანსების ხარჯზე, რასაც ისინი იხდიან, ეს ტრუკები გამოსდით კიდეც ხოლმე, თუმცა დანიელე ორსატოსთან ფულითაც ვერაფერს გახდნენ. ცნობილი იტალიელი რეფერი, რომელმაც ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შემდეგ კარიერა დაასრულა, რუსებმა მათი საფეხბურთო კავშირის ტექნიკური კომისიის თავმჯდომარეობა და სამსაჯო ექსპერტობა შესთავაზეს, რაზეც კატეგორიული უარი მიიღეს.
რას ამბობს ორსატო
როდესაც ასეთი შემოთავაზებით მოდიან შენთან, მადლობის მეტი არაფერი გეთქმის, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ შენს პროფესიონალიზმს აფასებენ და ცდილობენ ის ცოდნა, რომელიც კარიერის მანძილზე დააგროვე, მათ სასარგებლოდაც გამოიყენო.
თუმცა, არსებული სოციალურ-პოლიტიკური სიტუაციისა და ეთიკური პრინციპების გათვალისწინებით, რომლითაც ყოველთვის ხელმძღვანელობდნენ როგორც მოედანზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ, მე გადავწყვიტე ეს წინადადება არ მიმეღო.
ორსატო იტალიის ჩემპიონატების მატჩებს 2006 წლიდან 2024 წლამდე ემსახურებოდა, ფიფას კატეგორია კი 2010 წლიდან მიიღო, საკლუბო დონეზე მისთვის უმაღლესი მწვერვალი იყო 2020 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი „პარი სენ-ჟერმენსა“ და „ბაიერნს“ შორის, რომლის მთავარი მსაჯიც გახლდათ.