პოჩეტინო ამერიკაში მიდის
თითქმის სამთვიანი პაუზის შემდეგ, მაურისიო პოჩეტინო სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება. 52 წლის სპეციალისტმა ამერიკის შეერთებული შტატების ფეხბურთის ფედერაციასთან ყველა დეტალზე შეთანხმებას მიაღწია და უახლოეს საათებში კონტრაქტს გააფორმებს, რის შემდეგაც ის ამ გუნდს 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოამზადებს, რომლის ერთ-ერთი მასპინძელიც სწორედ შეერთებული შტატები იქნება.
ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, როდესაც ამერიკელებმა ახლახანს გამართულ კოპა ამერიკაზე, რომლის მასპინძლებიც ასევე თავად იყვნენ, ჯგუფური ეტაპის ბარიერი ვერ დაძლიეს. წარუმატებლობაზე კი, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე გრეგ ბელჰალტერმა აიღო და დაკავებული პოსტი მაშინვე დატოვა.
პოჩეტინოს ბოლო სამუშაო ადგილი ლონდონის „ჩელსი“ გახლდათ, რომელსაც 2023 წლის 1 ივლისიდან 2024 წლის 21 მაისამდე ავარჯიშებდა და მისი ხელმძღვანელობით გამართულ 51 შეხვედრაში „არისტოკრატებმა“ 26 მატჩი მოიგეს, 11 ფრედ დაასრულეს და 14 შემთხვევაში დამარცხდნენ. სამწვრთნელო კარიერის მანძილზე არგენტინელმა სპეციალისტმა ტიტულები მხოლოდ „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად მოიგო, სადაც ლიგა 1-ისა და საფრანგეთის თასის გამარჯვებული გახდა. „ტოტენჰემში“ მუშაობის დროს კი, პრემიერ ლიგის თვის საუკეთესო მწვრთნელად 2013 წლის ოქტომბერში, 2015 წლის სექტემბერში, 2016 წლის თებერვალსა და 2017 წლის აპრილში აღიარეს.