კრიშტიანუს მორიგი რეკორდი
39 წლის კრიშტიანუ რონალდუმ ახალი საფეხბურთო სეზონი ისეთივე ფორმაში და ისეთივე შემართებით დაიწყო, როგორიც წინა დაასრულა. გუშინ, საუდის არაბეთის სუპერ თასის ნახევარფინალში „ალ ნასრიმ“, რომლის ლიდერი და კაპიტანიც პორტუგალიელი ვარსკვლავია, „ალ-ტაავუნი“ 2:0 დაამარცხა, კრიშტიანუს ანგარიშზე კი 1 გოლი და 1 საგოლე პასია.
კარიერის ბოლოს რონალდუსთვის თითქმის ყველა მატჩი რეკორდის მომტანია და გამონაკლისი არც ეს ყოფილა - ის ზედიზედ 23-ე სეზონია მინიმუმ ერთი ბურთს მაინც იტანს და ასეთი შედეგი მსოფლიო ფეხბურთში არავის არ აქვს. 17 აგვისტოს ქვეყნის სუპერ თასის ფინალში „ალ ნასრი“ „ალ ჰილალს“ შეხვდება, საუდის არაბეთის ჩემპიონატს კი 22 აგვისტოს, „ალ რაედთან“ საშინაო მატჩით დაიწყებს.
რონალდუს „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემადგენლობაში 3-ჯერ პრემიერ ლიგა, 2-ჯერ ინგლისის ლიგის თასი, ერთხელ ინგლისის ასოციაციის თასი, ერთხელ ინგლისის სუპერ თასი, ერთხელ ჩემპიონთა ლიგა და ერთხელ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი აქვს მოგებული. გაცილებით უფრო წარმატებული იყო მისი მადრიდული კარიერა და „რეალს“ 2-ჯერ ლა ლიგის, 2-ჯერ კოპა დელ რეის, 2-ჯერ ესპანეთის სუპერ თასის, 4-ჯერ ჩემპიონთა ლიგის, 2-ჯერ უეფას სუპერ თასისა და 3-ჯერ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მოგებაში დაეხმარა. „იუვენტუსთან“ ერთად 2-ჯერ იტალიის ჩემპიონი, ამდენჯერვე იტალიის სუპერთასის გამარჯვებული და ერთხელ იტალიის თასის მფლობელი გახდა.