ლონდონის ჩელსიმ შესაძლოა სატრანსფერო ფანჯრის დროს პორტუგალიელი ფეხბურთელების სანაცვლოდ კიდევ 100 მილიონი ევრო დახარჯოს, რაც მორიგი სულელური შეცდომა იქნება..
არისტოკრატების თავბრუდამხვევმა სატრანსფერო ფანჯარამ ამ კვირაში კიდევ ერთი ცვლილება განიცადა, რადგან თითქმის არსაიდან ძალიან სწრაფად გაიფორმეს პედრო ნეტუ. ლურჯებმა ვულვერჰემპტონს 54 მილიონი ევრო გადაუხადეს..
24 წლის ფეხბურთელი დასავლეთ ლონდონში მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი გახდა, რაც დიდ დაბნეულობას იწვევს. ის უკვე 35-ე მოთამაშეა, რომელიც ტოდ ბოელმა ბოლო 2 წლის განმავლობაში შეიძინა..
შესაძლოა ნეტუ არ იყოს ბოლო ფეხბურთელი, რომელსაც წელს ჩელსი გადაიბირებს. მისი ტრანსფერის შემდეგ, ბუნდოვანი ჭორები გაჩნდა, რომ ტოდ ბოელს ჟოაუ ფელიქსის საკუთარ გუნდში ხილვა სურს. ეს თავის მხრივ ატლეტიკოს საბოლოოდ მისცემს საშუალებას, რომ კონორ გალაჰერი ჩელსიდან წამოიყვანოს..
ფელიქსის ტრანსფერი, რომ მინიმუმ 60 მილიონი ევრო დაჯდება ეს ახალი არავისთვის არის. 60 მილიონი კი ყველაზე იაფი ვარიანტია და ეს ყველაფერი შესაძლოა ჩელსის მორიგი შეცდომა აღმოჩნდეს, რადგან ფელიქსი ბოლო წლებში ვერცერთ გუნდს ვერ მოერგო, მათ შორის ჩელსისაც 2023 წელს.
შეშფოთების მიზეზი
ნეტუს ტრანსფერზე ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ენცო მარესკამ კომენტარი გააკეთა: „ძალიან აღელვებული ვარ. მას ბევრი რამის შეთავაზება შეუძლია. პედროს, როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა ფლანგზეც შეუძლია თამაში. ის ძალიან კარგი შენაძენია..“
ნეტუს ხარისხში ეჭვი არავის ეპარება, მაგრამ გასულ სეზონში მან მხოლოდ 24 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 14 გოლი გაიტანა.. თუ ჩავუღრმავდებით მისი ასეთი მწირი სათამაშო დროის მიზეზებს, სერიოზული შეშფოთების საბაბი გაჩნდება..
2023 წლის 28 ოქტომბრიდან, 2024 წლის 16 მაისის ჩათვლით, პორტუგალიელმა ფეხბურთელმა სხვადასხვა ტრავმების გამო 125 დღე იუქმა და 23 მატჩი გამოტოვა. 2022 წლის პირველ ოქტომბერს მიღებულ ტერფის ტრავმას კი 127 დღე მკურნალობდა, რის გამოც 27 მატჩი გამოტოვა..
იბადება კითხვა.. ღირდა კი მასში 54 მილიონის გადახდა? რამდენად შეუძლია ენცო მარესკას მასზე მთელი სეზონი გათვალოს.. ამაზე პასუხი არ არსებობს..
ფელიქსის საგა
ჟოაუს შესაძლო დაბრუნება ჩელსისი მსგავს კითხვებს აჩენს: „ღირს, თუ არა მასში ფულის გადახდა? სჭირდება ჩელსის კიდევ ერთი თავდამსხმელი, რომელიც ძირითადად საჯარიმოს გარედან მუშაობს? იქნება ის სხვა გუნდებთან განსხვავების შემქმნელი?“
ჟოაუს სატრანსფერო ღირებულება ბარსელონაში გატარებული 1 სეზონის შემდეგ მნიშვნელოვნად დაეცა. მისი სტატისტიკაც კი შემაშფოთებელია. ყველა ტურნირზე ერთად 44 ჩატარებული შეხვედრა, 10 გოლი და 6 საგოლე პასი..
მადრიდის ატლეტიკო სასოწარკვეთილია, რადგან პორტუგალიელის სანაცვლოდ 80-90 მილიონი ევროს მიღებას გეგმავდა და ახლა ეს ფაქტობრივად გამორიცხულია.. თავად ჟოაუს კი სასწრაფოდ სურს როხიბლანკოდან აბარგება, რადგან ბოლოს მას ვანდა მეტროპოლიტანოზე გულშემატკივრებმა ბო***ის შვილი უწოდეს..
ხშირად ისმის კითხვა, თუ რა ემართება პორტუგალიელ შემტევს.. თავიდან კარგად იწყებს და შემდეგ იკარგება.. ნიჭი და ტალანტი, რომ არ აკლია ეს ყველამ იცის. თავდაპირველად მან გრემ პოტერის ჩელსიშიც კი გაიბრწყინა, მაგრამ შემდეგ გაქრა.. ფელიქსს ასევე დაცვაში თამაშს უწუნებენ.. რა თქმა უნდა, თავდამსხმელის საქმე ეს არ არის, მაგრამ თანამედროვე ფეხბურთი აუცილებლად მოითხოვს დაცვითი ფუნქციების შესრულებას.. ესეც გარკვეული პრობლემაა..
სპორტული დირექტორები
ჩელსის ბოლო რამდენიმე სატრანსფერო ფანჯრის ტენდეცია სპორტული დირექტორების პოლ უინსტენლისა და ლოურენ სტიუარტის მიდგომა იყო, რომლებიც თავს არიდებდნენ ყურადღების ცენტრში მუშაობას და აქცენტი და ზეწოლა მუდმივად ტოდ ბოელზე მიდიოდა. ამაზე სოციალურ ქსელშიც ბევრს ხუმრობდნენ და არისტოკრატების პრეზიდენტს ხუმრობით გაუმაძღარ გოჭსაც კი ეძახდნენ..
მიუხედავად ამისა, უინსტენლის და სტიუარტს მაინც აკრიტიკებენ. ჯერ შეცდომად პოჩეტინოს დანიშვნა ჩაუთვალეს, ხოლო შემდეგ გათავისუფლება იმ პროგრესის ფონზე, რაც სეზონის მეორე ნაწილში ვიხილეთ..
ორივე მათგანმა ჩელსიში მუშაობა 2023 წლის იანვარში დაიწყო და ძალიან მალე 290 მილიონი ფუნტი ისეთ ფეხბურთელებში დახარჯეს, როგორებიც ენცო ფერნანდესი, მუდრიკი და მადუეკე არიან..
რაც შეეხება 2023 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარას, გულშემატკივრები კმაყოფილნი დარჩნენ, როდესაც მოიზეს კაისედო და რომეო ლავია ლივერპულს ცხვირ წინ ააცალეს, მაგრამ კაისედო ადაპტაციას დიდი ხნის განმავლობაში გადიოდა, ხოლო ლავიამ ტრავმის გამო თითქმის მთელი სეზონი გამოტოვა. ამ ფეხბურთელებშიც ჯამში 178 მილიონი ევრო დაიხარჯა და რეალურად გუნდს არცერთი არ გამოადგა.
საეჭვო გადაწყვეტილებები
იანვრის მშვიდი სატრანსფერო ფანჯრის შემდეგ, ჩელსიმ განსხვავებული სტრატეგია შეიმუშავა, რამაც ბევრი დააბნია. ლონდონელებმა აქცენტი ახალგაზრდა ფეხბურთელებზე გააკეთეს. ჩელსიმ ერთბაშად კირნან დივსბური-ჰოლი, რენატო ვეიგა, ომარ კელიმანი, მარკ გუიუ და ფილიპ იორგენსენი დაიმატა. ასევე ცნობილია, რომ 2025 წელს, ლურჯებს პალმეირასიდან ტალანტად შერაცხული ესტავიო ვილიანი შეუერთდება..
რეალურად, პედრო ნეტუს და ჟოაუ ფელიქსს კარიერული მწვერვალისთვის ჯერ არ მიუღწევიათ და რაიმე განსაკუთრებული კვალი საფეხბურთო ისტორიაში არ დაუტოვებიათ. ეს გარკვეულწილად მათთვის მოტივაციაც არის. გავრცელებული ინფორმაციით, როგორც უკვე მოგახსენეთ, ატლეტიკო ჟოაუს სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს ითხოვს და ბოელი თანახმაა.. ჯამში პორტუგალიური დუეტი 100 მილიონ ევროს სცდება..
კვლავ ისმის კითხვა, გაამართლებენ? თუ ვერ..
მარესკა სიბნელეში..
პრემიერ ლიგის პირველ ტურში ლონდონის ჩელსი მანჩესტერ სიტის დაუპირისპირდება. რეალურად კი ენცო მარესკა თავის გუნდს არ იცნობს. შეუძლებელია ამდენი ფეხბურთელის შესაძლებლობებში ასე მალე გაერკვიო..
ინტერთან გამართული ამხანაგური მატჩის შემდეგ, ენცო მარესკამ განაცხადა: „ჩემს გუნდს ჯერჯერობით არ ვიცნობ. წინასასეზონო მომზადება ძალიან რთული იყო, რადგან გამუდმებით ერთი ქალაქიდან მეორეში გადავდიოდით..“
რამდენიმე წლის წინ, მსგავსი სიტყვები ტომას ტუხელმა გააჟღერა. ის ამერიკული ტურნეთი უკმაყოფილო იყო, ჩელსი ნორმალურად ვერ მოემზადა და 2022/2023 წლების სეზონი ცუდად დაიწყო. ამას კი გერმანელი სპეციალისტის გათავისუფლება მოყვა..
ამ ყველაფრის ფონზე რომელუ ლუკაკუს გაშვება პრობლემაა. ბელგიელს ნაპოლიში უნდა წასვლა, მაგრამ ვიქტორ ოსიმენის გამო ტრანსფერი იწელება. ახალი ტრანსფერების ფონზე რაჰიმ სტერლინგი დაიჩრდილა, რომელსაც წასვლა არ უნდა და კოლოსალურ ხელფასს იღებს. იდენტური სიტუაციაა კეპა არისაბალაგას შემთხვევაში, რომელიც ძირითადი შემადგენლობის წევრად არ განიხილება. საბოლოო ჯამში, ლონდონურ კლუბში ბევრმა არა საჭირო ფეხბურთელმა მოიყარა თავი.. დრო გადის და სპორტულ დირექტორებს სულ უფრო ცოტა დრო რჩებათ სიტუაციას გამოსასწორებლად..
მოლოდინი
არისტოკრატების სატრანსფერო პოლიტიკამ გულშემატკივრებს კრიტიკის საბაბი მისცა. მათ არაფრის მოლოდინი არ აქვთ. შეუძლებელია ასეთმა შემადგენლობამ წარმატებისთვის იბრძოლოს.. განწყობის ასამაღლებლად არაფერი კეთდება..
ძალიან დიდი შანსია, რომ ტრავმისკენ მიდრეკილი ნეტუ და არასრულფასოვანი ფელიქსი ამ სიტუაციას ვერ გამოასწორებენ. ჩელსის ბოლო რამდენიმე სატრანსფერო ფანჯარა ნათელი მაგალითია იმის, თუ როგორ არ უნდა მართო გუნდი..