წიტაიშვილი ჯერ კიდევ არაა დარეგისტრირებული | რას ამბობს გრანადას თავკაცი
„გრანადამ“ მიმდინარე ზაფხულში დამატებული თითქმის ყველა ახალწვეული დარეგისტრირა, თუმცა მათ შორის არ არის საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი წიტაიშვილი.
ლა ლიგა 2-ის ოფიციალურ ვებგვერდზე „გრანადას“ ფეხბურთელებად არიან მითითებულები გუნდის ახალწვეულები - რუბენ სანჩესი, ლოიკ უილიამსი, მანუ ტრიგეროსი, ლუკა ზიდანი, თუმცა ჯერჯერობით არ არის დარეგისტრირებული გიორგი წიტაიშვილი, რომელიც გუნდში ტრიგეროსზე და უილიამსზე უფრო ადრე მივიდა.
ამ საკითხზე მატჩისწინა პრესკონფერენციაზე „გრანადას“ მთავარმა მწვრთნელმა, გილერმო აბასკალმაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ყველაფერი რიგზეა და ტრავმირებული ოსკარ მელენდოს გარდა ყველა ფეხბურთელი, მათ შორის წიტაიშვილი სათამაშოდ მზადაა.
სეზონის პირველ ოფიციალურ მატჩს „გრანადა“ 15 აგვისტოს, შინ, „ნუევო ლოს კარმენესზე“ „ალბასეტეს“ წინააღმდეგ გამართავს.