იმანე ხელიფი
Aa
Aa

იმანე ხელიფის სარჩელი - ალჟირელი მოკრივე როულინგს და მასკს უჩივის

ცნობილი მწერალი, ჯოან როულინგი და მილიარდერი ილონ მასკი ფიგურირებენ სარჩელში, რომელიც ალჟირელი მოკრივის, იმანე ხელიფის ადვოკატმა პარიზის პროკურატურაში შეიტანა.

საქმე კიბერ ბულინგს ეხება, რომელსაც პარიზის ოლიმპიადის განმავლობაში ჰქონდა ადგილი. 25 წლის სპორტსმენის ფრანგი ადვოკატი ასევე ამბობს, რომ სარჩელში ნახსენებია აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპიც.

მედიის ინფორმაციით, თუ პროკურატურა ვინმეს ბრალს წარუდგენს, მას შესაძლოა 2-დან 5 წლამდე პატიმრობა მიესაჯოს და ათობით ათასი ევროს ოდენობის ჯარიმა დაეკისროს.

მთელი ოლიმპიადის განმავლობაში, იმანე ხელიფს, რომელიც ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, დეზინფორმაციისა და ონლაინ სიძულვილის ტალღა დაატყდა თავს.

ხელიფის ირგვლივ სკანდალი მისი პირველივე ბრძოლის დროს აგორდა, როდესაც ის იტალიელ ანჯელა კარინის დაპირისპირდა. ამ უკანასკნელმა ბრძოლა პროტესტის ნიშნად შეწყვიტა.

იტალიელი მოკრივის თქმით, ის საშინელ ტკივილს გრძნობდა, რის გამოც ბრძოლის გაგრძელება აღარ სურდა. ამის შემდეგ საზოგადოების ნაწილი ამბობდა, რომ მის ალჟირელ კონკურენტს ქალების კატეგორიაში არ უნდა მიეღო მონაწილეობა.

ბევრმა ხელიფი იმაშიც დაადანაშაულა, რომ ის კაცია, მიუხედავად იმისა, რომ სპორტსმენი ქალად დაიბადა, პასპორტშიც მდედრობითი სქესი უწერია და არასდროს უთქვამს, რომ ტრანსგენდერია.

„ჰარის პოტერის“ ავტორმა სწორედ ამ ბრძოლის შემდეგ დაწერა, რომ ხელიფს „სიამოვნებას ანიჭებს ქალის ტანჯვა, რომელსაც თავში ჩაარტყა“.

სოციალური პლატფორმის X-ის მფლობელმა, ილონ მასკმა მოცურავე, რაილი გეინსის პოსტს უპასუხა, რომელშიც ეწერა, რომ „ქალების სპორტში კაცების ადგილი არ არის“. მასკი მას დაეთანხმა.

მიუხედავად სიძულვილის ტალღისა, ხელიფმა ოლიმპიური ოქრო მოიპოვა. ალჟირელმა ფინალურ ბრძოლაში ჩინელი სპორტსმენი იან ლიუ არბიტრთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით (5-0) დაამარცხა. ბრძოლა 66 კგ-მდე კატეგორიაში გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ პარიზის ოლიმპიადაზე ხელიფმა რაუნდის დათმობის გარეშე იასპარეზა და ყველა მეტოქე უშანსოდ დაამარცხა.

ფინალური გამარჯვების შემდეგ, სპორტსმენმა თქვა: „მინდა მთელ მსოფლიოს ვუთხრა, რომ ქალი ვარ და ქალად დავრჩები“.

ხელიფი ქალად დაიბადა, თუმცა მას სვაიერის სინდრომი აქვს. ამ სინდრომის მქონეები ბიოლოგიურად (გენიტალიებით და სასქესო ორგანოებით) ქალები არიან, მაგრამ XY ქრომოსომა აქვთ და ჰორმონებიც კაცის აქვთ (ქალები XX ქრომოსომებს ატარებენ).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მასთან სპარინგი ძალიან ძნელია, მაქსი მის დარტყმებს ვერ გაუძლებს“ | ილიას თანაგუნდელი
„მასთან სპარინგი ძალიან ძნელია, მაქსი მის დარტყმებს ვერ გაუძლებს“ | ილიას თანაგუნდელი