„დარჩება ლიონში, თუ ახალ გამოწვევას მიიღებს?“ - ფრანგული მედია ნინიაშვილზე
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებისა და „ლიონის“ უკანახაზელის, დავით ნინიაშვილის მომავალი კვლავ გაურკვეველია.
ცნობილი ფრანგული გამოცემა, RCT.com-ი წერს, რომ ქართველი მორაგბის ამჟამინდელი კლუბი, ნინიაშვილთან კონტრაქტის გახანგძლივებაზე მუშაობს, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ მხარეები.
სტატიაში აღნიშნულია, რომ დავით ნინიაშვილს ახალი გამოწვევების მიღება უნდა და შესაძლოა, ხელშეკრულების გაგრძელებაზე უარი თქვას.
რას წერს RCT:
„ლიონის“ მენეჯერები რამდენიმე მორაგბესთან, რომლებსაც ხელშეკრულება 2025 წელს ეწურებათ, კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მუშაობენ, მათ შორის ერთ-ერთი კი დავით ნინიაშვილია. თუმცა, ქართველი მორაგბის მომავალი კვლავ იდუმალებით არის მოცული. ამ საკითხთან დაკავშირებით, „ლიონს“ დიდი კონკურენცია აქვს. ნინიაშვილის დამატებით Top 14-ის რამდენიმე კლუბი ინტერესდება და ასევე, ჩვენი ინფორმაციით, შეთავაზებები სხვა უცხოური კლუბებისგანაცაა. ყველაფერი ქართველი მორაგბის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული.
შეგახსენებთ, რომ დავით ნინიაშვილი „ლიონში“ 2021 წელს გადავიდა და მალევე გუნდის ერთ-ერთ ლიდერად იქცა. ქართველმა მორაგბემ ფრანგული კლუბის მაისურით ყველა ტურნირზე 53 მატჩი ჩაატარა და 23 ლელო დადო.