ახალი მარცხენა გარემარბი ბარსასთვის - ფლიკმა პერიშიჩს დაურეკა
„ბარსელონა“ შემადგენლობის გაძლიერებაზე მუშაობას აგრძელებს. ლა ლიგაში „ბლაუგრანას“ პირველ მატჩამდე 3 დღე რჩება, გუნდის ახალწვეულები ჯერ კიდევ არ არიან დარეგისტრირებულები, თუმცა ჰანსი ფლიკს მარცხენა გარემარბის პოზიციაზე კიდევ ერთი მოთამაშის მოყვანა სურს.
ვარჯიშებზე ფლიკი ანსუ ფატის თამაშით კმაყოფილებას ვერ მალავდა, თუმცა ახალგაზრდა ესპანელმა კვლავ დაზიანება მიიღო და მთავარ ფსონს მასზე გერმანელი სპეციალისტი ვერ გააკეთებს. გუნდში არიან ფერან ტორესი და რაფინია, თუმცა არც ერთი მათგანი მარცხენა ფლანგზე თავს ისე კარგად ვერ წარმოაჩენს - ფერანს უფრო მეტი სარგებელი ცენტრფორვარდის პოზიციაზე მოაქვს, ხოლო რაფინიას - მარჯვენა ფლანგზე, სადაც მისი კონკურენტი ლამინ იამალი იქნება.
ნომერ პირველი სატრანსფერო სამიზნე ამ პოზიციაზე ნიკო უილიამსი იყო, თუმცა მისია შეუსრულებელი აღმოჩნდა - „ბილბაომ“ იკერ მუნიაინის წასვლის შემდეგ ვაკანტური 10-ნომრიანი მაისური ნიკოს მისცა და, როგორც ჩანს, ძმები უილიამსები ამ სეზონშიც თანაგუნდელები იქნებიან.
ესპანური პრესის ცნობით, ფლიკს სურს, „ბარსელონაში“ ძველი ნაცნობი, ივან პერიშიჩი მოიყვანოს. 35 წლის ხორვატი გარემარბი, რომელთანაც ფლიკს „ბაიერნში“ უმუშავია, სპლიტის „ჰაიდუკიდან“ წასვლის შემდეგ თავისუფალი აგენტი გახდა, რაც კატალონიური კლუბის რთული ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია.
თავის მხრივ, ხორვატული გამოცემა 24sata წერს, რომ გასულ დღეებში ფლიკსა და პერიშიჩს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. გავრცელებული ინფორმაციით, პერიშიჩი მზადაა „ბარსაში“ გადასასვლელად, სადაც მას კარგად ნაცნობი მწვრთნელი დახვდება. მეტიც, „ჰაიდუკიდან“ წასვლის მიზეზი სწორედ „ბარსას“ მხრიდან გამოჩენილი ინტერესი იყო და ამის შესახებ პერიშიჩმა გუნდის მთავარ მწვრთნელს, ჯენარო გატუზოსაც აცნობა.