გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

ვალენსიამ ლივერპულის ორი წინადადება დაბლოკა | რას წერს Marca მამარდაშვილზე

გიორგი მამარდაშვილის მომავალი ესპანური პრესის მთავარი სასაუბრო თემაა. „ვალენსიას“ ქართველ მეკარესთან დაკავშირებით, Marca-მ ახალი ინფორმაცია გაავრცელა და განაცხადა, „ღამურებმა“ „ლივერპულის“ ორი წინადადება დაბლოკეს.

„გარიგება მაგიდაზე დევს და ყველაფერი მალე უნდა მოგვარდეს, რადგან ლივერპული სამუდამოდ ლოდინს არ აპირებს. მამარდაშვილის ტრანსფერი ასეთი „ცხელი“ არასდროს ყოფილა, მაგრამ „ლიმის წესის“ (კლუბის პრეზიდენტი, პიტერ ლიმი) მიხედვით, ვალენსია 40 მილიონ ევროს ითხოვს.

ბოლო საათებში, ლივერმა ინტერესი გააძლიერა და ამჟამინდელ სიტუაციას შეგვიძლია ვუწოდოთ „ყველაფერი ან არაფერი“, რადგან მოლაპარაკებების ჩაშლის რისკი არსებობს. Marca-ს ინფორმაციით, ლივერპულმა ვალენსიას ერთი კი არა, ორი წინადადება გაუკეთა და უარის მიღების შემდეგ, მესამე შეთავაზებას ამზადებს.

ვალენსია სიტუაციის დაძაბვას განაგრძობს. მართალია, ღამურები მამარდაშვილის გასაშვებად მზად არიან და ტრანსფერს მწვანე აუნთეს, მაგრამ 40 მილიონ ევროს ფეხს არ უცვლიან და ამ მომენტისთვის, ლივერპული ამ თანხისგან ძალიან, ძალიან შორსაა. მამარდაშვილის საკითხი მალე უნდა მოგვარდეს, რადგან მერსისაიდელებს საქმის გაწელვა არ სურთ.

ლივერპული ვალენსიას თანხმობის მიღებას შეეცდება, მაგრამ არ აპირებს, ღამურების მოთხოვნილი თანხა გადაიხადოს, რადგან მიუხედავად იმისა, რომ მამარდაშვილი აწმყოსა და მომავლის მეკარეა, სატრანსფერო ექსპერტები, რომლებიც ბაზარს განაგებენ, გოლკიპერში ამხელა თანხას არ იხდიან. ვალენსიამ ეს უკვე მოისმინა, მაგრამ საკუთარი იდეების ბრმად სჯერა“, - წერს ესპანური გამოცემა.

ცნობისთვის, გიორგის „ვალენსიასთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და მისი გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევროა. მამარდაშვილი Transfermarkt-ზე ყველაზე ძვირადღირებული მეკარეა და მისი საბაზრო ღირებულება 45 მილიონი ევრო გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მარცხი მეორე რაუნდში | მიხეილ საჟინიანმა DWCS-ზე ტექნიკური ნოკაუტით წააგო
მარცხი მეორე რაუნდში | მიხეილ საჟინიანმა DWCS-ზე ტექნიკური ნოკაუტით წააგო