„ყველაზე გემრიელი ეს ოქრო იყო, იმიტომ რომ...“ - ტალახაძე ოლიმპიადაზე და სამომავლო გეგმებზე
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ტალახაძე სამშობლოში გუშინ გამთენიას დაბრუნდა.
ლეგენდარულმა ძალოსანმა „კრისტალ სპორტთან“ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა შეაფასა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.
რა თქვა ტალახაძემ:
„პარიზის ოლიმპიური თამაშები ჩვენთვის მნიშვნელოვანი თამაშები იყო. იმ გეგმებს, რაც დასახული მაქვს, მივუახლოვდი. ძალიან დიდი სურვილი მქონდა, რომ სამშობლოში გამარჯვებული დავბრუნებულიყავი და ვყოფილიყავი პირველი ქართველი, ვინც სამჯერ მოიპოვა საქართველოს სახელით ოლიმპიადაზე ოქროს მედალი. ღმერთს მადლობა ამ დიდი წარმატებისთვის. მადლობა გულშემატკივრებს, ჩემს ოჯახს, მწვრთნელებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო იმაში, რომ ეს წარმატება მომეპოვებინა“.
„რომელია ყველაზე გემრიელი ოქრო? ალბათ, მაინც ბოლოა ტკბილი ლუკმა. იმიტომ რომ ჯერ არ ვიცი რა იქნება მომავალში, ჩემი ფიქრები ცოტა სხვა რაღაცებისკენ არის მიმართული. როცა დავლაგდები, უფრო გავაანალიზებ თუ რა და როგორ იქნება. იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი ტრავმა მქონდა და ერთი წლის განმავლობაში ფაქტობრივად ვერც ერთ შეჯიბრზე ვერ ვიასპარეზე, ახლა ფიცარნაგი ცოტა მეუცხოვა. ამის გამო, მესამე ოქრო ყველაზე გემრიელი იყო. მადლობა ღმერთს, რომ მოვიგეთ და საქართველოში გამარჯვებულები დავბრუნდით, ბრძოლას გავაგრძელებთ!“
შეგახსენებთ, რომ ლაშა ტალახაძემ პირველი ოლიმპიური ოქროს მედალი 2016 წელს, ბრაზილიის ქალაქ რიო დე ჟანეიროში მოიგო. ქართველმა ძალოსანმა იგივე შედეგი ტოკიო 2020-ზე გაიმეორა, მესამე ოლიმპიური ჩემპიონობა კი რამდენიმე დღის წინ, პარიზში იზეიმა.