„მერაბს დავანოკაუტებ და კანელო არავის ემახსოვრება“ | ომალის ხმამაღალი განცხადება
მერაბ დვალიშვილი მომდევნო ბრძოლას შონ ომალის წინააღმდეგ გამართავს და UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრის დასაკუთრებას შეეცდება. „მანქანა“ და „შუგა“ ლას-ვეგასში მდებარე „სფეროში“ იჩხუბებენ და მათი დაპირისპირება 14 სექტემბერს (თბილისის დროით, 15 სექტემბერს) არის ჩანიშნული.
14 სექტემბერს, დაახლოებით იმავე დროს, კანელო ალვარესის ჩხუბსაც ვიხილავთ და მექსიკელი მოკრივე ედგარ ბერლანგას დაუპირისპირდება. კანელოს აზრით, ის ფაქტი, რომ მისი ბრძოლა მერაბისა და ომალის ჩხუბის დღესაა, პრობლემას არ წარმოადგენს. პირიქით, მისი ბრძოლისადმი ინტერესს გაზრდის და ბევრად მეტ შემოსავალს მოუტანს.
კანელოს სიტყვებს „შუგა“ გამოეხმაურა და განაცხადა: „როცა ორშაბათი, სამშაბათი და ოთხშაბათი დადგება, ვისზე ილაპარაკებენ? ილაპარაკებენ კანელოზე თუ ილაპარაკებენ დომინანტურ, ლამაზ და ოსტატურ მასტერკლასზე, რომელსაც მერაბის წინააღმდეგ ვაჩვენებ და რომელსაც ნოკაუტი მოჰყვება? ილაპარაკებენ ჩემს ნოკაუტზე თუ კანელოს 36-წუთიან ბრძოლაზე, რომელიც არც თუ ისე სანახაობრივი იყო?“
შეგახსენებთ, რომ ბუკმეკერების აზრით, ფავორიტი მერაბ დვალიშვილია და „მანქანას“ საჩემპიონო ქამრის დასაკუთრების ოდნავ მაღალი შანსი აქვს.