დვალი: ევრო 2024-ის შემდეგ ძალიან დაღლილი ვიყავი, სულის მოთქმა მინდოდა
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში აპოელ-ისა და „სლოვანის'' შეხვედრა 0:0 დასრულდა, კვიპროსის ჩემპიონმა 81-ე წუთიდან რიცხვობრივ უმცირესობაში, 10 ფეხბურთელით ითამაშა. პირველი მატჩი ვლადიმირ ვაისის გუნდმა 2:0 მოიგო და სლოვაკეთის ჩემპიონი ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში გავიდა.
ლაშა დვალმა აპოელ-ის სასტარტოში შეუცვლელად ითამაშა. მატჩის შემდეგ კვიპროსულ მედიასთან ისაუბრა:
„გავედით, ვიბრძოლეთ, ვეცადეთ მაქსიმუმი გაგვეღო. ეს ადვილი არ იყო. დაღლილობა იგრძნობოდა. ამგვარად, თამაში ვერ მოვიგეთ. ორივე შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო. როცა პირველ მატჩს 2:0-ს წააგებ, ეს შენ არ გეხმარება, რადგან დრო შენს წინააღმდეგაა, მაგრამ ვგრძნობ რომ თამაშიდან თამაშამდე სასურველ რითმს ვუახლოვდებით’’.
ლაშამ თავის მომავალზეც ისაუბრა: „ევრო 2024-ის დასრულების შემდეგ დაღლილი ვიყავი, მაგრამ ახლა გუნდში ჩემს რითმს ვპოულობ. ცოტა სულის მოთქმა მინდოდა. ახლა მხოლოდ აპოელ-ზე ვფიქრობ, კლუბთან ვალდებულება მაქვს, კიდევ ერთწლიანი კონტრაქტი მაკავშირებს’’.
შეგახსენებთ, დვალმა ევროპის ჩემპიონატზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა, რამდენიმე კლუბს დაუკავშირეს, იაპონური კლუბიც დასახელდა, თუმცა ამ ეტაპზე სიახლე არაა, დვალი აპოელ-ის ფეხბურთელია.
ლაშა დვალის აპოელ-ი ევროპა ლიგის ფლეი-ოფში ითამაშებს. აპოელ-ს კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაში განაღდებული აქვს, თუმცა თუ ევროპა ლიგის ფლეი-ოფში წარმატებით ითამაშებს, კონფერენს ლიგაზე უფრო პრესტიჟული ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდება.