მინიმუმ ორ თვეს გამოტოვებს - გაბრიელ სიგუას უიღბლობა გრძელდება
„ბაზელის’’ პრესსამსახურის ცნობით, კლუბის ქართველი ფეხბურთელი გაბრიელ სიგუა გუნდს სულ მცირე ორი თვე ვერ დაეხმარება.
სიგუამ ტრავმა „ბაზელის’’ 21-წლამდე გუნდში, რანგით მესამე ლიგაში თამაშისას მიიღო. სიგუა და მეტოქის ფეხბურთელი ერთმანეთს საჰაერო ორთაბრძოლისას თავებით დაეჯახნენ. ქართველმა ფეხბურთელმა ტვინის შერყევა მიიღო და ამასთან ერთად კოჭზე ორი გვერდითი მყესი გაიწყვიტა. მოკლედ, 19 წლის ფეხბურთელისთვის სეზონი ძალიან ცუდად დაიწყო.
სიგუა „ბაზელში'' 2023 წლის ზაფხულში გადავიდა. ტრავმები გასულ სეზონშიც აწუხებდა, შვეიცარიულ კლუბში 19 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი შეაგდო და 1 საგოლე პასი შეასრულა.
გაბრიელი ტრავმებისკენ მიდრეკილია. გასულ სეზონში მთავარმა მწვრთნელმა ფაბიო ჩელესტინიმ სიგუაზე შემდეგი რამ თქვა: „გაბრიელ სიგუა 18 წლისაა და ამ სეზონში მყესი უკვე სამჯერ თუ ოთხჯერ გაიწყვიტა. ჩემი 17-წლიანი კარიერის განმავლობაში ასეთი დაზიანება სულ ერთხელ მქონდა. გვაქვს უამრავი საშუალება იმისთვის, რომ ვაკონტროლოთ ფეხბურთელების დატვირთვები და სწორედ ამიტომ მიჭირს ავხსნა, როგორ შეიძლება ასეთი რამ ხშირად ხდებოდეს’’.
1,90 მეტრის სიმაღლის ნახევარმცველს, რომელიც თბილისის „დინამოს'' პროდუქტია, „ბაზელთან'' კონტრაქტი 2023 წლის 25 ივლისამდე აკავშირებს.