“მბაპეს ძირითად შემადგენლობაში შეუძლია დაწყება“ - ანჩელოტი ფინალის წინ
უეფა-ს სუპერ თასის ფინალში მადრიდის რეალი ატალანტას დაუპირისპირდება. მატჩის წინ, სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
ანჩელოტი:
„ყველა ყველაფერს კარგად აკეთებს, მათ შორის კილიან მბაპე. მას ძირითად შემადგენლობაში თამაში შეუძლია. ის ადაპტაციას ბრწყინვალედ გადის და ფოკუსირებულია. მბაპე საოცარ ხარისხს ავლენს. შიდა სამზარეულოში შესანიშნავი ატმოსფეროა. ვინისიუსის ტრანსფერი? ეს მხოლოდ სპეკულაციებია. გუნდში მეფეები და დედოფლები არ გვყავს.
გასპერინის ატალანტამ ფინალში ყოფნა დაიმსახურა. მისი სამუშაო გასაოცარია. ის ჩემი მეგობარია და რთული დაპირისპირება გველის. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, თუ რას ფიქრობენ მოთამაშეები. არდადეგები ჩამშხამდა იმაზე ფიქრით, თუ ვინ დავაყენო ძირითად შემადგენლობაში(იცინის).
რეალურად, ეს ყველაზე მარტივი საკითხია. ჩვენ წინ უამრავი მატჩი გველოდება და საკმარისი დრო ყველას მიეცემა. პენალტის დამრტყმელი მბაპეა, თუმცა ამის გაკეთება ვინისიუსს, ბელინგემს და ვალვერდესაც შეუძლიათ.“
შეგახსენებთ, რომ გასპერინის გაწვრთნილმა ატალანტამ გასულ სეზონში, ევროპის ლიგის ფინალში მთელს სეზონში დაუმარცხებელი ლევერკუზენის ბაიერი დაამარცხა. რეალისა და ატალანტას დაპირისპირება 14 აგვისტოთი თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.