“გულშემატკივრების გაოცებას ვაპირებთ“ - გასპერინი რეალთან მატჩის წინ
უეფა-ს სუპერ თასის ფინალში ერთმანეთს მადრიდის რეალი და ატალანტა დაუპირისპირდებიან. მატჩის წინ, ბერგამეოლთა მთავარმა მწვრთნელმა ჯან პიერო გასპერინიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
რა თქვა გასპერინიმ?
„სამწუხაროდ ფეხბურთს ტრავმები მუდამ თან ახლავს. რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ სრული შემადგენლობა მყავდეს და სიამოვნებით ვირჩევდე თერთმეტეულს. ასე რეალს ჩვენს საუკეთესო თამაშს შევთავაზებდით. სამწუხაროდ, დანაკლისი დიდია, მაგრამ ჩემს ფეხბურთელებს მაინც საუკეთესო თამაშს მოვთხოვ.
ანჩელოტისგან განსხვავებით მე უპირატესობა მაქვს. მე არასწორ შემადგენლობას ვერ შევარჩევ, მას კი ღრმა შემადგენლობა ჰყავს და მეტ ზეწოლას განიცდის. ატალანტა საოცრად მოტივირებულია და გულშემატკივრების გაოცებას ვაპირებთ. ამის დიდი სურვილი გვაქვს.
ჩვენ მსოფლიოში ყველაზე წარმატებულ გუნდს ვუპირისპირდებით. მოედანზე უდიდესი სიამაყით გამოვალთ და გამარჯვებას ვეცდებით. რასაც ანჩელოტი ბოლო წლებში აკეთებს, ამას ყველა ხედავს. ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. ერთმანეთს დიდი ხანია ვიცნობთ და ერთმანეთს დიდ პატივს ვცემთ. მასთან შეხვედრა ყოველთვის სასიამოვნოა.
ქაღალდზე შედეგის პროგნოზი უფრო ცალმხრივია, ვიდრე ეს ლევერკუზენის შემთხვევაში იყო, თუმცა დაბრკოლება გაცილებით დიდია, ამიტომ ჩვენთვის მოტივაცია გაზრდილია. ფეხბურთში სენსაციები მრავლად გვახსოვს. გამორიცხული არაფერია.“
შეგახსენებთ, რომ გასპერინის გაწვრთნილმა ატალანტამ გასულ სეზონში, ევროპის ლიგის ფინალში მთელს სეზონში დაუმარცხებელი ლევერკუზენის ბაიერი დაამარცხა. რეალისა და ატალანტას დაპირისპირება 14 აგვისტოთი თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.