ფეხბურთი სახიფათო ზღვარს მიუახლოვდა: 2024-25 წლების სეზონი ისტორიაში ყველაზე გრძელი და დატვირთული იქნება
ფეხბურთი სახიფათო ზღვარს მიუახლოვდა: 2024-25 წლების სეზონი ისტორიაში ყველაზე გრძელი და ფიზიკური დატვირთვის მხრივ ყველაზე მომთხოვნი იქნება. მაგალითად, თუ ამ სეზონში „მანჩესტერ სიტისთვის“ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, ნორვეგიელი ფორვარდის, ერლინგ ჰოლანდის სეზონი 354 დღეს გაგრძელდება.
ჰოლანდი, მბაპე, ბელინგემი - ყველა მათგანმა შესაძლოა 70-ზე მეტი მატჩი ჩაატარონ, თუ მათი გუნდები 2025 წლის 13 ივლისს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში გავლენ. იგივე შეიძლება ითქვას ხულიან ალვარესზე, რომელმაც ზაფხულში არგენტინის ნაკრების მაისურით ხუთი მატჩი ჩაატარა, შემდეგ კი პარიზის ოლიმპიადაზე გაემგზავრა.
იქმნება შთაბეჭდილება, რომ მატჩების რაოდენობის გაზრდითა და დამატებითი ტურნირების შექმნით ფეხბურთი თვითგანადგურების გზას დაადგა, რაზეც უკვე ხმამაღლა ალაპარაკდნენ როგორც ფეხბურთელები, ისე მწვრთნელები.
ერლინგ ჰოლანდი:
„ვფიქრობ, ევროპის ჩემპიონატზე ყველამ დაინახა, როგორ დაიღალნენ ფეხბურთელები. ეს ეტყობოდა როგორც თამაშის დონეს, ასევე ჩანდა ფეხბურთელების სახეებზე. იგივე გველოდება ამ სეზონშიც. რთულია, იყო კარგ ფორმაში, როდესაც წელიწადში 70-ზე მეტ მატჩს ატარებ“.
როგორ მივიდა ფეხბურთი ამ დატვირთვამდე? რატომ ითხოვენ ფეხბურთელებისგან სულ უფრო მეტს? მატჩების რაოდენობა იზრდება, დასვენების პერიოდი კი იკლებს.
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი - 32-გუნდიანი ტურნირი, რომელიც 15 ივნისიდან 13 ივლისამდე ჩატარდება, საკლუბო სეზონს კიდევ უფრო ახანგრძლივებს და იჭრება საერთაშორისო ტურნირების კალენდარში. გარდა ამისა, ამ სეზონიდან ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე კლუბები 6-ის ნაცვლად 8 მატჩს ჩაატარებენ.
თუ, მაგალითად, „სიტი“ ყველა იმ ტურნირის ფინალში გავა, სადაც ასპარეზობა შეუძლია (რაც 2021-22 წლების სეზონში „ლივერპულმა“ გააკეთა) პეპ გუარდიოლას გუნდი 75-მატჩიან სეზონს ჩაატარებს, რომელიც 10 აგვისტოს „იუნაიტედის“ წინააღმდეგ ჩატარებული მატჩით დაიწყო. აღსანიშნავია, რომ ამ 75 მატჩში არ შედის წინასასეზონო ამხანაგური მატჩები, რომლებიც ითვალისწინებს ფრენებს და სასაათო სარტყელების ცვლას.
პრემიერლიგის შეფი რიჩარდ მასტერსი:
„გარდამტეხი მომენტი დგება. ფეხბურთელები გვეუბნებიან, რომ ძალიან ბევრი მატჩი აქვთ და ტურნირები მუდმივად ფართოვდება. თუ სავსე ჭიქაში სითხეს დაამატებთ, ის დაიღვრება. სწორედ ეს ხდება ახლა ფეხბურთში. საუბარია არა მხოლოდ კალენდარზე, არამედ ფეხბურთელების შესაძლებლობაზე, გამოავლინონ საუკეთესო თვისებები“.
გასულ თვეში 26-მა პროფესიონალურმა ლიგამ, მათ შორის პრემიერლიგამ, ლა ლიგამ, სერია ა-მ და ბუნდესლიგამ, საჩივარი შეიტანეს ევროკომისიაში ფიფას წინააღმდეგ, მატჩების რაოდენობის ზრდის შესაჩერებლად. თავის მხრივ, ფიფამ ევროპული ლიგები მხოლოდ საკუთარი კომერციული ინტერესებით მოქმედებაში დაადანაშაულა.
ვიდრე საფეხბურთო სამყაროს ბოსები მატჩების კალენდარზე კონტროლისთვის იბრძვიან, ფეხბურთელებმა უნდა ჩაიცვან ბუცები, ღრმად ჩაისუნთქონ და მოემზადონ სეზონისთვის, რომლის დროსაც მათ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ შესაძლებლობებს არნახული გამოცდა ელის.
„სიტის“ ნახევარმცველი როდრი:
„მატჩების რაოდენობა კვლავ იზრდება და ამას ბოლო არ უჩანს. საჭიროა ფეხბურთელებზე მეტი ზრუნვა. ამას ძალიან კარგად ვხვდები. ისეთ ნიშნულამდე მივედით, როდესაც ამას ვეღარ ვუძლებთ“.
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელებს გასულ სეზონში 45 ტრავმა ჰქონდათ. ჯამში „იუნაიტედის“ 21 ფეხბურთელს ტრავმის გამო 1620 დღე გაუცდა. მანჩესტერული კლუბის თავკაცი ერიკ ტენ ჰაგი ამბობს, რომ კალენდარი ფეხბურთელებზე დატვირთვას წარმოუდგენლად ზრდის.
ერიკ ტენ ჰაგი:
„ზეწოლა ძალიან დიდია და ეს სეზონი ევროთასების ფორმატის ცვლილების გამო კიდევ უფრო გრძელი იქნება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ტრავმებთან დაკავშირებული პრობლემები ისევ შეგვექმნება“.
გაზრდილ დატვირთვაზე ხმამაღლა საუბრობს პეპ გუარდიოლაც. „სიტის“ შემადგენლობის როტაციის კარგი შესაძლებლობა აქვს, მაგრამ წელს გუნდმა 6 ტურნირზე ჯამში 75 მატჩი შეიძლება გამართოს.
პეპ გუარდიოლა:
„თუ დიდი ბოსები ფეხბურთელებზე არ ფიქრობენ, ეს ჩვენ, მწვრთნელებმა უნდა გავაკეთოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი დაიხოცებიან. ეს უკვე მეტისმეტია. აუცილებელია სამკვირიანი საზაფხულო პაუზა, მაგრამ არსებობს კალენდარი და შენ თამაშები გიწევს. ამიტომ ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ შვებულებიდან მაშინ დაბრუნდნენ, როდესაც ფეხბურთის თამაშის ხალისი ექნებათ. თუ მოთამაშეები დაღლილები არიან, მათგან სათანადო დონეზე ვარჯიშს ვერ მოვითხოვთ. ადრე პირველ მატჩამდე, მოსამზადებლად 5-6 კვირა გვქონდა, ახლა ეს შეუძლებელია“.
მატჩების რაოდენობასთან დაკავშირებით საგულიხსმო სტატისტიკა გაავრცელა „პროფესიონალ ფეხბურთელთა ფედერაციამ“ (FIFPRO):
ვიდრე ჯუდ ბელინგემს 21 წელი შეუსრულდა, მას მოედანზე 18 837 წუთი ჰქონდა გატარებული, რაც დევიდ ბექჰემის მიერ 21 წლამდე ნათამაშებ წუთებზე (3923 წუთი) ხუთჯერ მეტია. 24 წლის ვინისიუს ჟუნიორს 344 მატჩი აქვს ჩატარებული. ამავე ასაკში რონალდინიოს 162 მატჩი ჰქონდა ნათამაშები.
20 ევროპულ ქვეყანაში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მატჩების კალენდრის გაფართოებასთან ერთად ტრავმების საერთო რაოდენობაში ბარძაყის კუნთის ტრავმების წილი 12%-დან (2001-02 წლები) 24%-მდე გაიზარდა (2021-22 წლები). ნათელია, რომ იმ ფონზე, როდესაც ფეხბურთელების სულ უფრო მეტი მატჩის ჩატარება უწევთ, კუნთის ტრავმების რაოდენობა იზრდება.
ამ საკითხებთან დაკავშირებით ორგანიზატორებსა და ფეხბურთელებს შორის პოზიციების დაახლოება ჯერჯერობით მოსალოდნელი არაა, ამიტომ ფეხბურთელები გააგრძელებენ თამაშს, ყოველ წელს სულ უფრო მეტ მატჩს ჩაატარებენ, მაგრამ ამან შეიძლება მიგვიყვანოს იქამდე, რომ საუკეთესო მოთამაშეების კარიერის პიკი სულ უფრო და უფრო ხანმოკლე იქნება.