სამი ვარიანტი ჰქონდა - რატომ აირჩია მამუჩაშვილმა შერიფი
ბათუმის „დინამოს’’ ყოფილი ფეხბურთელი ვლადიმერ მამუჩაშვილი კარიერას მოლდოვის ჩემპიონ „შერიფში’’ გააგრძელებს. CrystalSport-ის ცნობით, ფეხბურთელს კიდევ ორი წინადადება ჰქონდა, უკრაინიდან და ერთ-ერთი აზიური ქვეყნიდან. თუმცა არჩევანი „შერიფის’’ სასარგებლოდ გააკეთა.
CrystalSport-ის ცნობით ფეხბურთელმა გადაწყვეტილება რამდენიმე ფაქტორიდან გამომდინარე მიიღო, თუმცა ვიდრე მიზეზებზე დავწერდე, გეტყვით რომ 26 წლის ფეხბურთელისთვის, რომელიც მალე, 29 აგვისტოს 27 წლის გახდება და მხოლოდ საქართველოს ჩემპიონატში უთამაშია, ძლიერ ლიგაში გადასვლა მარტივი არაა, თუნდაც იმიტომ რომ კონკრეტული კლუბისთვის მისი შემდგომი ტრანსფერი და ამ ტრანსფერში მნიშვნელოვანი ფინანსური სარგებლის მიღება რთული იქნება.
მოლდოვური კლუბის მხრიდან ინტერესი მიმდინარე ზაფხულში გაჩნდა. „შერიფის’’ პრეზიდენტ ვიქტორ გუშანს, გენერალურ დირექტორ ვაჟა თარხნიშვილს, სპორტულ დირექტორ სერგეი პაშჩენკოსა და მთავარ მწვრთნელ მისლავ კაროგლანს მისი დამატების ძალიან დიდი სურვილი ჰქონდათ.
გარდა ამისა, „შერიფში’’ სუფთა საფეხბურთო პირობები, ინფრასტრუქტურა ძალიან მაღალ დონეზეა, ერთ-ერთი გამორჩეული ბაზა აქვს. მამუჩაშვილს ყოფილ კლუბებში, „საბურთალოსა’’ და ბათუმის „დინამოში’’ ასეთი შესაძლებლობა არ ჰქონია. ასევე, „შერიფი'' ფინანსურად საკმაოდ ძლიერი კლუბია. მიმდინარე ზაფხულში რამდენიმე ძლიერი მოთამაშე დაიმატეს. მაგალითად, პაპა ნდიაგა იადე, რომელიც „მეცში'' გიორგი მიქაუტაძესთან ერთად თამაშობდა და სიბილ ბაიალა საფრანგეთის ლიგა 1-ის გამოცდილებით.
ლადო მამუჩაშვილმა ბათუმის „დინამოსთან'' ერთად კრისტალბეთ ეროვნული ლიგა ორჯერ მოიგო (2021, 2023).
პლუს, ფეხბურთელმა გაითვალისწინა „შერიფის’’ გამოსვლა ევროტურნირებზე. 2021-22 წლებში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა (მადრიდის „რეალს’’ მოუგო), 2022-23 და 2023-24 წლებში კი ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდა. „შერიფის’’ ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე წარმატებულმა გამოსვლამ სტაბილური ხასიათი მიიღო, თუმცა მიმდინარე სეზონში ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა გაუჭირდება. ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე აზერბაიჯანულ „ზირას’’ პენალტების სერიაში მოუგო, მეორე ეტაპზე შვედურ „ელფსბორგთან’’ ორი მატჩის ჯამში 0:3 დამარცხდა. ამ მარცხის შემდეგ მთავარი მწვრთნელი, უკრაინელი იური გურა მოხსნეს და ხორვატი კაროგლანი დანიშნეს. მისი ხელმძღვანელობით „შერიფი’’ სტუმრად ლუბლიანას „ოლიმპიასთან’’ 3:0 დამარცხდა. საპასუხო მატჩი 15 აგვისტოს ტირასპოლში გაიმართება.
მოკლედ, მამუჩაშვილს გუნდში იდეალური გარემო არ ხვდება, თუმცა კლუბის მართვაში კვლავ ის პირები არიან, რომელთა მმართველობისას „შერიფმა’’ ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპებზე ითამაშა. ვგულისხმობ, კლუბის პრეზიდენტ ვიქტორ გუშანსა და გენერალურ დირექტორს, ვაჟა თარხნიშვილს. თუ სლოვენიურ ბარიერს ვერ დაძლევენ, შემდეგი სეზონისთვის უფრო ძლიერი და სტაბილური გუნდის შექმნა შეუძლიათ, რაც გამოცდილებამ უკვე აჩვენა.
„შერიფში'' გადასვლა იმ მხრივ არის ნაკლებად საინტერესო ვარიანტი, რომ მოლდოვის ჩემპიონატი მაღალი დონის არაა, თუმცა ჩემპიონ „პეტროკუბს'' ევროპა ლიგის ან კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის რეალური შანსი აქვს. ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე უელსის ჩემპიონ „ნიუ სეინტს'' შინ 1:0 მოუგო. წინ საპასუხო შეხვედრაა. გასული სეზონის მსგავსად ჩემპიონობისთვის ბრძოლაში „პეტროკუბსა'' და „შერიფს'' შორის ძლიერი კონკურენციაა მოსალოდნელი, რაც ევროსეზონისთვის მოსამზადებლად მნიშვნელოვანი ფაქტორია.
ლადო მამუჩაშვილმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 9 მატჩი ჩაატარა.