ლივერპულს სურს, მამარდა პრემიერლიგაში გაანათხოვროს - Relevo
ესპანური გამოცემა Relevo გიორგი მამარდაშვილთან დაკავშირებით „ლივერპულის“ გეგმების შესახებ დამატებით დეტალებს აქვეყნებს.
გამოცემის ჟურნალისტის, ნაჩო სანჩისის ინფორმაციით, მას შემდეგ რაც „ლივერპული“ 30 მილიონად მამარდას შეიძენს, მერსისაიდელებს სურთ, ქართველი მეკარე პრემიერლიგის საშუალო დონის კლუბში გაანათხოვრონ - გიორგის დამატების სურვილი უკვე გამოთქვა „ბორნმუთმა“.
Relevo ასევე წერს, რომ მამარდასთან დაკავშირებით ყველაზე კარგი წინადადება „ვალენსიას“ სწორედ „ლივერპულიდან“ აქვს, თუმცა „ღამურებს“ სურთ, ქართველი მეკარის ტრანსფერის ღირებულება გაზარდონ და 30-ის ნაცვლად, დაახლოებით 40 მილიონი ევრო მიიღონ.
„ვალენსიას“ მამარდაშვილის შემცვლელი უკვე ნაპოვნი ჰყავს - „ღამურებმა“ ივნისში „რაიოს“ მეკარე სტოლე დიმიტრიევსკი დაიმატეს. ლა ლიგის პირველ ტურში „ვალენსია“ „მესტალიაზე“ 17 აგვისტოს „ბარსელონას“ მიიღებს.