ირაკლი ცირეკიძე
Aa
Aa

16 წელი დიდი ტრიუმფიდან - ცირეკიძემ 13 აგვისტო გაიხსენა

გასული შაბათი, 2024 წლის 10 აგვისტო ქართული სპორტის ისტორიაში ოქროს ასოებით შევიდა - ერთ დღეს, 2 საათის ინტერვალით ოლიმპიური ჩემპიონი ერთბაშად ორი ქართველი სპორტსმენი, თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი და ძალოსანი ლაშა ტალახაძე გახდა. ასეთი ფაქტი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში აქამდე მხოლოდ ერთხელ, 2008 წლის 13 აგვისტოს იყო დაფიქსირებული, როდესაც კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე მანუჩარ კვირკველია და ძიუდოისტი ირაკლი ცირეკიძე ავიდნენ. მას შემდეგ ზუსტად 16 წელი გავიდა და ამ უკანასკნელმა Crystalport-თან ინტერვიუში მისი კარიერის ყველაზე წარმატებული დღის პერიპეტიები კიდევ ერთხელ გაიხსენა.

ირაკლი ცირეკიძე

მეტოქეებსა და ბრძოლის აღწერაზე აღარ დავწვრილმანდები - უბრალოდ დღის დასაწყისს გავიხსენებ, როდესაც დილით ჩემთან ზურაბ კახაბრიშვილი შემოვიდა და მითხრა, რომ მანუჩარ კვირკველიასთან უნდა წასულიყო, რადგან მას უფრო სჭირდებოდა, მე კი დამიბარა, რომ ჩემს ჩემპიონობაში დარწმუნებული იყო. ცოტა გავნერვიულდი, რამეთუ ზურა არც ერთ ტურნირზე გვერდიდან არ მშორდებოდა, მაგრამ როგორცკი ტატამიზე გავედი, დაძაბულობა მაშინვე მომეხსნა და ყველაფერი კარგად დასრულდა.

ყველას ემახსოვრება, რომ მაშინ საქართველოში აგვისტოს ომი მიმდინარეობდა და წამოსვლა გადაწყვეტილი გვქონდა, მაგრამ შეჯიბრება რომ დაგვეტოვა, არსებობდა სერიოზული საფრთხე იმისა, რომ დისკვალიფიკაცია მიგვეღო და ორი ოლიმპიური თამაშები გამოგვეტოვა, რაც ქართული სპორტისთვის უდიდესი დარტყმა იქნებოდა.

პარიზის ოლიმპიურ თამაშებს ბუნებრივია დადებითად შევაფასებ და ჩვენ ჩემპიონზე ვიტყვი, რომ ლაშა ბექაური პირველად 2016 წელს ვნახე, როდესაც ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვიყავი. ის გახლდათ ბავშვი სუსტი ფეხებით და წვრილი ტანით, მაგრამ ჰქონდა საოცარი მებრძოლი სული, რასაც თითოეული ვარჯიშისა თუ შეჯიბრების დროს ავლენდა.

არ ვიცი ზუსტად რა დაემართა ილია სულამანიძეს იმ წამებში და დეტალებში ჩაღრმავება არც ღირს - ვმუშაობთ იმაზე, რომ როცა იგივე მომენტი დაუდგება, მსგავსი შეცდომა აღარ გაიმეოროს და დიდი იმედი მაქვს, რომ დაუდგება, რადგან ის ოლიმპიური თამაშების ფინალში კიდევ ერთხელ უნდა გავიდეს.

იგივეს ვიტყვი ტატო გრიგალაშვილზეც, რომელსაც ხელი უნდა შევუწყოთ, რომ მთავარი ოცნება აისრულოს და ოლიმპიური ჩემპიონი გახდეს. ტატოს დამმარცხებელი არამარტო 81 კილოგრამში, არამედ სხვა ყველა წონის ძიუდოისტი რომ ავიღოთ, არავინ მეგულება.

პეკინის 2008 წლის ოლიმპიადაზე, ოქროს მედლისკენ მიმავალ გზაზე ცირეკიძემ, რომელიც 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, ეგვიპტელ ჰეშამ მესბას, აზერბაიჯანელ ელხან მამედოვს, რუს ივან პერშინსა და ალჟირელ ამან ბენიხლეფს აჯობა.

ირაკლი ცირეკიძე ივან პერშინის წინააღმდეგ:

მსგავსი სიახლეები