ეფექტური გასროლა და დუბლი 2 წუთში - გულიაშვილის მაგარი მატჩი
ბოსნია და ჰერცეგოვინას საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე ტურში, გიორგი გულიაშვილის „სარაევო“ სტუმრად „სლოგას“ დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 3:1 დაამარცხა.
გამორჩეული მატჩი ჰქონდა 22 წლის ქართველ შემტევს. გულიაშვილმა მეტოქის კარში ორ წუთში დუბლი შეასრულა, განსაკუთრებით ეფექტური კი მეორე გოლი იყო, როდესაც „სლოგას“ კარი ეფექტური შორეული დარტყმით აიღო.
„სარაევომ“ ანგარიში მე-17 წუთზე სოლდოს გოლით გახსნა. 31-ე და 33-ე წუთებზე კი გიორგი გულიაშვილმა მეტოქის კარში ორი გოლი გაიტანა და ფაქტობრივად, მატჩის ბედიც გადაწყვიტა.
42-ე წუთზე მასპინძლებმა ერთი გოლის გატანა შეძლეს, თუმცა, თამაშის გადარჩენა ვეღარ მოახერხეს.
მნიშვნელოვანია, რომ გიორგი გულიაშვილმა ბოსნია და ჰერცეგოვინას ჩემპიონატის ახალ სეზონში ორივე მატჩში შეძლო გოლის გატანა. ქართველმა შემტევმა პირველ ტურში „სლობოდასაც“ გაუტანა, ის მატჩი კი სარაევომ დღეის მსგავსად, 3:1 მოიგო. 2 ტურის შემდეგ, გულიაშვილის გუნდი სატურნირო ცხრილს 6 ქულით ლიდერობს, მომდევნო შეხვედრას კი 19 აგვისტოს, საკუთარ მოედანზე „გაბელას“ წინააღმდეგ გამართავს.