ფროზინონე იტალიის თასს გამოეთიშა - კვერნაძე სასტარტოში იყო, მაგრამ...
იტალიის თასის პირველ რაუნდში, გიორგი კვერნაძის „ფროზინონე“ საკუთარ მოედანზე „პიზას“ დაუპირისპირდა და უშანსოდ, 0:3 დამარცხდა. შედეგად, ქართველი შემტევის გუნდი გათამაშებას პირველივე რაუნდში გამოეთიშა.
გიორგი კვერნაძე მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და დაახლოებით 1-საათამდე დაეთმო, თუმცა, ამ დროის განმავლობაში რაიმე განსაკუთრებული არ შემოუთავაზებია. ზოგადად, მთლიანად „ფროზინონეს“ საკმაოდ სუსტი მატჩი ჰქონდა და მასპინძლებმა კარის მიმართულებით მხოლოდ ხუთჯერ დაარტყეს, აქედან ზუსტი კი მხოლოდ ორი მცდელობა იყო.
თანაგუნდელების მსგავსად, კვერნაძესაც სუსტი მატჩი ჰქონდა და მთავარმა მწვრთნელმა 57-ე წუთზე, ფილიპო დი სტეფანოთი შეცვალა.
„პიზამ“ ანგარიში 28-ე წუთზე, ტრამონის გოლით გახსნა, ტაიმის მიწურულს კი ბონფანტის გოლით სხვაობა ორბურთამდე გაზარდა. საბოლოო ანგარიში 89-ე წუთზე, არენამ დააფიქსირა და შესაბამისად, „კოპა იტალიას“ მომდევნო ეტაპზე „პიზა“ ითამაშებს.
„ფროზინონე“ იტალიის სერია B-ს ახალ სეზონს 18 აგვისტოდან დაიწყებს. გიორგი კვერნაძის გუნდი პირველ ტურში საკუთარ მოედანზე „სამპდორიას“ მიიღებს. მატჩი საქართველოს დროით 22:30 საათზე დაიწყება.