„ვარჯიშების შემდეგ ქლევერლი სტანდარტებზე ამზადებს“ - ჯაკობია ჩაკვეტაძეზე
წინასასეზონო მზადების დასრულების შემდეგ, „უოტფორდის“ მთავარი მწვრთნელი ტომ ქლევერლი გიორგი ჩაკვეტაძის როგორც ფიზიკური, ასევე ტექნიკური მომზადებით აღფრთოვანებას ვერ მალავდა და აღნიშნავდა, რომ ერთადერთი, რაც გიორგის აკლდა, გოლები და საგოლე პასები იყო. სწორედ ამ დანაკლისის ანაზღაურებით დაიწყო 24 წლის ქართველმა ნახევარმცველმა ახალი სეზონი და ინგლისის ჩემპიონშიპის პირველივე ტურში „მილუოლის“ ულამაზესი ჯარიმა გაუტანა. ჩაკვეტაძის აგენტმა ლაშა ჯაკობიამ Crystalsport-თან ინტერვიუში მის კლიენტსა და მასთან დაკავშირებულ საინტერესო თემებზე ისაუბრა.
რა თქვა ჯაკობიამ
გიორგის თამაშით ყველა აღფრთოვანებულია - მთავარი მწვრთნელის კომენტარებს ყველა კითხულობს და ამაზე ჩემი საუბარი საჭირო აღარ არის. მე გეტყვით, რომ იგივე განწყობაზე არიან კლუბის ფანები და ხელმძღვანელები.
რაც შეეხება ჩაკვეს, ბუნებრივია გახარებულია, თუმცა ჯერ მეცხრე ცაზე ნამდვილად არ არის, რადგან კარგად იცის, რომ ეს მისი მაქსიმუმი არ არის. აქვე გეტყვით, რომ ყოველი ვარჯიშის შემდეგ ქლევერლი მას ტოვებს და საჯარიმო დარტყმებში ავარჯიშებს, რამაც როგორც ხედავთ, შედეგი პირველივე ტურში გამოიღო.
როდის ჰქონდა გიორგის ყველაზე რთული პერიოდი? ალბათ მანამდე, სანამ „სლოვანში“ გადავიდოდა. „გენტიდან“ წამოსულმა „ჰამბურგშიც“ რომ ბოლომდე კარგად ვერ ითამაშა, ბევრი მის ადგილას რწმენას დაკარგავდა, მაგრამ ჩაკვეტაძე ძლიერ ფეხბურთელთან ერთად, ასეთივე პიროვნებაცაა და დაგვიბრუნდა ისეთი, როგორიც ყველას გვსურდა.
შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში „უოტფორდმა“ სტუმრად „მილუოლის“ დამარცხებით საჭირო სამი ქულა აიღო. მომდევნო მატჩს კი ჩაკვეტაძე და მისი თანაგუნდელები 17 აგვისტოს, საკუთარ სტადიონზე „სტოკთან“ გამართავენ.