ნიკა კაჭარავა, კახა კაჭარავა
Aa
Aa

„ასეთი დონის გუნდებს უნდა უგებდნენ“ - კაჭარავა ქართული კლუბებით იმედგაცრუებულია

კახა კაჭარავა, რომელიც მწვრთნელის ამპლუაში საქართველოს ჩემპიონატში თითქმის ყველა გუნდის სათავეში ყოფნისას ხელშესახებ შედეგებს აჩვენებდა, ბოლო წლებია უმუშევარია, თუმცა ფეხბურთსა და ევროპულ საკლუბო ტურნირებზე Crystalbet ეროვნული ლიგის წარმომადგენლების გამოსვლას თვალს აქტიურად ადევნებს და იმედგაცრუებას ვერ მალავს. Crystalsport-თან საუბარი მან სწორედ ამ თემაზე დაიწყო.

რას ამბობს კაჭარავა

სიმართლე გითხრათ სამივე გუნდმა თბილისის „დინამომ“, ბათუმის „დინამომ“ და ქუთაისის „ტორპედომ“ იმედები გამიცრუეს. ქვეყნის 19-გზის ჩემპიონმა ისეთ მოწინააღმდეგესთან წააგო, ღამის სამ საათზე რომ გააღვიძო ფეხბურთელები, მაშინაც კი უნდა უგებდნენ. თუმცა, არ მინდა ცალსახად აქცენტი „დინამო თბილისზე“ გავაკეთო, რადგან ბათუმელებმა და ქუთაისელებმაც წააგეს ისეთ კლუბებთან, რომელთან შეხვედრის შემთხვევაშიც, მინიმუმ ორ ეტაპს უნდა გავდიოდეთ.

რაც შეეხება ჩემს სამწვრთნელო კარიერას, ბუნებრივია მქონდა საქართველოდან შემოთავაზებები, თუმცა ყველაზე რეალური იყო საბერძნეთის პირველი ლიგის ერთ-ერთი კლუბი, რომელთანაც საბოლოოდ რაღაც საკითხებზე ვერ შევთანხმდი.

ჩემი შვილი ნიკა კაჭარავა ლიეტუვის „პანევეჟისიდან“ წამოვიდა, რადგან ზამთარში ფაქტიურად სულ ხელოვნურსაფარიან მოედანზე უწევდა თამაში, რაც მისი ტრავმიდან გამომდინარე, სახარბიელო არ იყო. ახლა ნიკა კვიპროსის პირველი ლიგის გუნდ „სპარტაკუსში“ ვარჯიშობს ირაკლი მაისურაძესთან ერთად და იქ არის ასევე რამდენიმე მოთამაშე, რომლებთან ერთადაც ის „ანორთოსისში“ თამაშობდა. ვნახოთ, შესაძლოა ნიკა გარკვეული პერიოდი ამ გუნდშიც დარჩეს.

კახა კაჭარავა სხვადასხვა პერიოდში თბილისის „დინამოს“, საქართველოს 19-წლამდე ნაკრების, „ზესტაფონის“, ცხინვალის „სპარტაკისა“ და „სამტრედიას“ მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე მუშაობდა. ფეხბურთელობისას კი საქართველოს ნაკრებში ჩატარებულ 3 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები