„ტატო გადაიწვა, მსოფლიოზე მასაც უნდა დაესვენა“ - ჭრიკიშვილმა ოლიმპიადა შეაფასა
მარტის ბოლოს თბილისის გრანდ სლემის მიმდინარეობისას, აქტიური სპორტიდან არამხოლოდ ქართული, არამედ მთლიანად მსოფლიო ძიუდოს ორი ლეგენდა, ვარლამ ლიპარტელიანი და ავთანდილ ჭრიკიშვილი გააცილეს. როგორც ლიპოს, ასევე ავთოს აზრის მოსმენა ძიუდოში მიმდინარე პროცესებსა და ქართველი ძიუდოისტების ასპარეზობაზე ყოველთვის საინტერესოა. ჭრიკიშვილმა ტრადიცია ამჯერადაც არ დაარღვია და Crystalsport-თან ინტერვიუში საფრანგეთის დედაქალაქში ლაშა გუჯეჯიანის მომზადებული სპორტსმენების გამოსვლა საინტერესოდ შეაფასა.
რას ამბობს ჭრიკიშვილი
ლაშა ბექაურით დავიწყებ, რომელიც წარმატებას ქართული ხასიათის ხარჯზე აღწევს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც შეფასებები ზედმეტია. არსებობენ სპორტსმენები, რომლებიც ჩემპიონები ხდებიან, თუმცა ბექაურის სახით არსებობენ ისეთებიც, რომლებიც ჩემპიონებად იბადებიან.
ილია სულამანიძემ ყველა ბრძოლა თვითონ მოიგო და საბოლოოდ თვითონ წააგო. მე მესმის მისი, რადგან მსგავსი შეცდომა მეც დავუშვი რიო დე -ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე, როდესაც ხელის მოძრაობით ვცდილობდი მეტოქეს მახრჩობელა ილეთზე არ დავეჭირე, თუმცა სულ ოდნავ ამიცდა ხელი, პატარა არასწორი მოძრაობა გავაკეთე და ეს ყველაფერი საბედისწერო აღმოჩნდა. ჩემთვის ილია სულამანიძე ჩემპიონია, რომელიც თვითონ იგებდა და თვითონ წააგო. ის ყველაზე მეტოქეზე ათი თავით მაღლა დგა და ამას ფინალზეც ვამბობ, რადგან მის აზერბაიჯანელ მეტოქეს არაფერი გაუკეთებია.
ხომ ყველამ კარგად დაინახა, როგორ ენერგიულად ჭიდაობდნენ ბექაური და სულამანიძე, რომლებმაც მსოფლიოს ჩემპიონატი გამოტოვეს? პლანეტის პირველობაზე ტატო გრიგალაშვილსაც რომ არ ეჭიდავა და დაესვენა, ისიც ჩემპიონი გახდებოდა. მესმის, რომ აქამდე მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი არც ერთი ქართველი ძიუდოისტი არ იყო და შეიძლება ტატოს თავად სურდა ამ ტურნირზე ასპარეზობა, რომელსაც ფორმის პიკზე შეხვდა, ოლიმპიადაზე კი მისი ორგანიზმი გადამწვარი იყო - სპორტში ასეთი რაღაცეები ხშირად ხდება.
გურამ თუშიშვილზეც ვიტყვი - ოლიმპიური თამაშები ისეთი ტურნირია, სადაც თითოეული სპორტსმენი თავისი ქვეყნის სახეს წარმოადგენს და შესაბამისად, ტედი რინერის ირონიული დამოკიდებულება არამხოლოდ გურამის, არამედ საქართველოს მიმართ იყო მიმართული. სწორედ ეს ვერ მოითმინა „თუშამ“ და მის ადგილზე მეც ასე მოვიქცეოდი. გეთანხმებით, შეიძლება მისი საქციელის გამო მედალი დავკარგეთ, მაგრამ როგორც იტყვიან მედალს მეორე მხარეც აქვს და თუშიშვილმა თავისი ქვეყნის შეურაცხყოფა არ ჩაყლაპა.
ავთანდილ ჭრიკიშვილს როგორც მსოფლიოს, ასევე ევროპის ჩემპიონატი 2-ჯერ აქვს მოგებული. 2015 წელს კი ბაქოში ევროპული თამაშების პირველი ტურნირის ჩემპიონიც გახდა.