ზაზა ნადირაძე: „ოლიმპიური მედლის მოპოვების შანსი მომისპეს“
პირველი, ვინც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ქართული ნიჩბოსნობა მთელ მსოფლიოს გააცნო, ზაზა ნადირაძე გახლდათ, რომელიც რიო დე-ჟანეიროს 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მედლის მოპოვებასთან ძალიან ახლოს იყო და მიზნის მიღწევამდე ცოტა დააკლდა. ახლა კი იგივეს გამეორება ძალიან გაუჭირდება, რის მიზეზებზეც Crystalsport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში დეტალურად ისაუბრა.
რას ამბობს ნადირაძე
სამწუხაროდ სპორტული ბედ-იღბალი საერთოდ არ მაქვს. ზუსტად მაშინ, როდესაც საუკეთესო ფორმაში ვიყავი და მზად ვიყავი ოლიმპიური მედლისთვის სერიოზულად მებრძოლა, საერთაშორისო ფედერაციამ ოლიმპიური პროგრამიდან ჩემი, ანუ 200-მეტრიანი დისციპლინა ამოიღო და გენდერული თანასწორობის მიზნით ქალების შეჯიბრება ჩასვა, ვაჟებში კი 1000-მეტრიანი დატოვა, სადაც ჩემი ასაკიდან გამომდინარე მაღალი შედეგების ჩვენება გამიჭირდება.
ზუსტად იგივე გაუკეთეს ბადრი ყაველაშვილს და 200-მეტრიანი კაიაკიც ამოიღეს ოლიმპიური პროგრამიდან. არადა, ბადრიც ოპტიმალურ ფორმას კრეფდა და 2020 წლიდან მოყოლებული საუკეთესო შედეგებს აჩვენებდა, რაზეც შარშანდელი მსოფლიოს ჩემპიონატიც მეტყველებს, სადაც ვერცხლის პრიზიორი გახდა. ახლა ჩვენი იმედები ალექსანდრე წივწივაძე მარიამ ქერდიკაშვილი არიან. წივწივაძეს სარეაბილიტაციო პროცესი ძალიან გაეწელა და ფორმაში შესვლა უჭირს, მაგრამ იმედია მომავალი წლიდან ძველებურ წივწივაძეს ვიხილავთ. რაც შეეხება ქერდიკაშვილს, მას 200-მეტრიან კანოეში ძალიან დიდი შედეგების ჩვენება შეუძლია.
მინდა მივულოცო ყველა იმ სპორტსმენს, რომელიც პარიზში ოლიმპიური ჩემპიონი და პრიზიორი გახდა. რა თქმა უნდა, ვუყურე ჩემი ქალაქის მკვიდრის, გივი მაჭარაშვილის ყველა შეხვედრას და გული დამწყდა, რომ ოქრო ვერ მოიგო, მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ სადებიუტო თამაშები იყო, ვერცხლის მედალიც მისალოცი ამბავია.
არ შემიძლია არ აღვნიშნო სანდრო ბაზაძე, რომელიც ზედიზედ მეორე ოლიმპიადაა იჩაგრება და დიდი იმედი მაქვს, რომ ლოს-ანჯელესში სპორტსმენებსა და მსაჯებს ერთად მოუგებს და ვეღარავინ ვეღარ დაჩაგრავს.
ზაზა ნადირაძე 2018 წლის ევროპის ჩემპიონი და 2019 წლის მსოფლიოს თასის მფლობელია. 2020 წლიდან კი ის სპორტსმენის კარიერის პარალელურად, საქართველოს კანოეს ეროვნულ ფედერაციას ხელმძღვანელობს.