ქალთა ფეხბურთი
Aa
Aa

ვინ იყო ქალი, რომელიც 1930-იან წლებში კაცების გუნდში ცენტრფორვარდად თამაშობდა

რუმინეთის ქალაქ ინეუში 1930-იან წლებში საფეხბურთო კლუბი „ვიქტორია“ ფუნქციონირებდა. „ვიქტორიაში“ თამაშობდნენ მეწაღეები, მკერავები, დალაქები და დურგლები, ასევე რამდენიმე საჯარო მოხელე. დღევანდელ რეალიებში „ვიქტორია“ მესამე დივიზიონის დონის რიგითი, არაფრით გამორჩეული გუნდი იქნებოდა, რომ არა ერთი უპრეცედენტო ფაქტი, რომელიც მაშინ სრულიად წარმოუდგენლად გამოიყურებოდა: მათი ცენტრალური თავდამსხმელი იყო ქალი სახელად ელიზაბეტა სიგეტი.

ელიზაბეტა ტექნიკური ფეხბურთელი იყო. მისი ძმა ალექსანდრუ „ვიქტორიას“ მარჯვენა გარემარბი იყო, თუმცა გულშემატკივრებისა და ოპონენტების მთელი ყურადღება ელიზაბეტაზე იყო გამახვილებული.

მას ჰქონდა ფორვარდისთვის საჭირო ყველა თვისება: იყო სწრაფი, კარგად კითხულობდა თამაშს, ეფექტურად ანაწილებდა ბურთს ფლანგებზე. ელიზაბეტა შესანიშნავი დრიბლიორი იყო, უსხლტებოდა მცველებს ცრუმოძრაობების ხარჯზე და საჰაერო ორთაბრძოლებიდანაც ხშირად გამოდიოდა გამარჯვებული. რაც შეეხება უბურთოდ თამაშს, ელიზაბეტა სიგეტი არც ამ კომპონენტში ჩამოუვარდებოდა სხვებს: არ ერიდებოდა ხისტ თამაშს და როცა საჭირო იყო, უხეშობდა კიდეც.

თუმცა, როგორც იმ პერიოდის ბევრ სხვა ფეხბურთელს, სიგეტის ჰქონდა თავისი ნაკლოვანებები. ხშირად ის ვერ უძლებდა თამაშის მაღალ ტემპს და მას, როგორც წესი, შესვენებაზე ან მეორე ტაიმის დასაწყისიდან მალევე, მე-60 წუთამდე ცვლიდნენ. თუმცა, მიუხედავად ამისა, მისი თამაში ნამდვილად სენსაციური იყო. 

როდესაც „ვიქტორია“ ამხანაგურ მატჩებს მეზობელ რაიონებში, ტიმიშსა და ბიჰორში, ორადიასა და ტიმიშოარაში მართავდა, ელიზაბეტას სანახავად სტადიონზე უამრავი ხალხი მიდიოდა.

ელიზაბეტა სიგეტის შესახებ ცნობები მომავალ თაობებს მისმა თანაგუნდელმა, „ვიქტორიას“ კაპიტანმა სილვიუ ანდრუმ შემოუნახა. ანდრუ ხაზს უსვამს იმას, რამდენად მნიშვნელოვანი იყო გუნდში ქალი მოთამაშის ყოლა მაშინ, როდესაც სპორტში მამაკაცები დომინირებდნენ.

ელიზაბეტა სიგეტის ისტორია კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ფეხბურთისადმი ქალების სიყვარული არახალია. მაშინ, როდესაც ქალთა ფეხბურთი ჯერ კიდევ არ არსებობდა, ელიზაბეტა სიგეტი ამსხვრევდა სტერეოტიპებს და დატოვა მემკვიდრეობა, რომლის შესახებ დღესაც საუბრობენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ისტორიის დაწერის კიდევ ერთი შანსი“ | სანიოლი ქალთა ნაკრების წარმატებას გამოეხმაურა
„ისტორიის დაწერის კიდევ ერთი შანსი“ | სანიოლი ქალთა ნაკრების წარმატებას გამოეხმაურა