ლევან შენგელია
Aa
Aa

შენგელია: „სექტემბერში ალბათ არ გამომიძახებენ“

მარტში გამართული ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი პლეი ოფის მატჩების დროს, საქართველოს ნაკრების რიგებში ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი უდავოდ ლევან შენგელია იყო. 28 წლის ვინგერს თავისთვის უჩვეულო მარცხენა მცველის პოზიციაზე უწევდა ასპარეზობა, მაგრამ დაკისრებულ მოვალეობას თავი არაჩვეულებრივად გაართვა და ლუქსემბურგთან ნახევარფინალურ შეხვედრაში გატანილი ორი ბურთიდან ბუდუ ზივზივაძემ ერთი სწორედ მისი საგოლე გადაცემით გაიტანა.

კონტინენტის პირველობის დასრულების შემდეგ, შენგელიას საკლუბო კარიერაში ცვლილება მოხდა - მან კლუბი შეიცვალა, ჩემპიონატი კი არა და საბერძნეთის ერთი გუნდიდან, „პანეტოლიკოსიდან“ მეორეში „ოფიში“ გადავიდა, სადაც რამდენიმე წლის წინ ორი ქართველი ფეხბურთელი, გიორგი ლორია და გიორგი მერებაშვილი ჯენარო გატუზოს ხელმძღვანელობით გამოდიოდა. სწორედ ამ თემაზე საუბრით დაიწყო Crystalsport-თან საუბარი კუნძულ კრეტაზე ახლახანს გადაბარგებულმა ქართველმა ფეხბურთელმა.

რას ამბობს შენგელია

სხვათა შორის, ლორია და მერებაშვილი აქ ჯერ კიდევ ბევრს ახსოვს და როგორცკი კლუბში ჩავირიცხე, მაშინვე მათი სახელები მიხსენეს. „ოფიში“ ყველაზე მეტად მომხიბლა იმან, რომ ეს გუნდი შემტევი ფეხბურთის თამაშს აპირებს, რაც ჩემს გემოვნებაში კარგად ჯდება. სამწუხაროდ, აქამდე სულ ისეთ გუნდებში მიწევდა გამოსვლა, რომლებიც აქცენტს კონტრშეტევებზე აკეთებდნენ, ახლა კი ყველაფერი სხვაგვარად იქნება.

„პანეტოლიკოსთან“ კონტრაქტი დამისრულდა და შესაბამისად, ისინი წასვლაში ხელს ვერ შემიშლიდნენ. ამ გუნდში ორი წლის წინ იმიტომ მოვედი, რომ სათამაშო პრაქტიკა მიმეღო და ვფიქრობ, მიზანსაც მივაღწიე და ახლაც სწორი ნაბიჯი გადავდგი, რადგან „ოფი“ უფრო ძლიერ კრებულად მიმაჩნია.

კონკრეტული საუბარი მიჭირს, მაგრამ რატომღაცვ მგონია, რომ სექტემბრის მატჩებისთვის ნაკრებში არ გამომიძახებენ იმიტომ რომ სათამაშო პრაქტიკა მაკლია და შეიძლება სათანადო კონდიციებში არ ვიყო. საბერძნეთის ჩემპიონატს 18 აგვისტოს „აეკთან“ ურთულესი გასვლითი მატჩით ვიწყებთ და განაცხადში ვიქნები, მაგრამ არა მგონია სრულად დავიტვირთო, რადგან ევროპის ჩემპიონატის შემდეგ თითქმის ერთთვიანი პაუზა გამომივიდა.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ლევან შენგელიამ 17 მატჩიდან ძირითად შემადგენლობაში 9 დაიწყო, 8 შემთხვევაში შეცვლაზე შევიდა და მის ანგარიშზე 1 გოლთან ერთად, 4 საგოლე პასია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები