Yahoo Sports: ლაშა ტალახაძე - დიდებული საკუთარ ლიგაში
„ძველ საბერძნეთში ათლეტი ბიბონი ისტორიაში შევიდა 150-კილოგრამიანი ქვის აწევით, კროტონელი მოჭიდავე მილო მთაში ზურგზე მოკიდებულ ხბოს ეზიდებოდა, ახლა კი გვყავს ლაშა ტალახაძე“ - ასე იწყებს Yahoo Sports-ი სტატიას, რომელშიც პარიზის ოლიმპიადაზე ლაშა ტალახაძის მიერ მიღწეულ წარმატებაზე მოგვითხრობს.
რას წერს Yahoo Sports-ი ტალახაძეზე:
ტალახაძე ამბობს, რომ არ ახსოვს, როგორია მარცხი, ხოლო მის მეტოქეებს, როგორც ჩანს, გამარჯვების გემო დაავიწყდათ. როდესაც უძლიერეს მამაკაც ოლიმპიელებზე ვსაუბრობთ, ლაშა ტალახაძეს კონკურენტი არ ჰყავს. პარიზში მას კიდევ ერთი დომინანტური გამოსვლა ჰქონდა, რომელმაც ტალახაძეს მესამე ოლიმპიური ოქრო მოუტანა.
ტალახაძე ამბობს, რომ ეს მის კარიერაში ყველაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანი მედალია.
„ეს შეჯიბრი ჩემთვის ყველაზე რთული გამოდგა, იმიტომ რომ ოლიმპიადამდე რამდენიმე ტრავმა მქონდა. არ ვიცოდი, შევძლებდი თუ არა, მაგრამ ვცდილობდი, დამეჯერებინა. ახლა შევეცდები, შევიგრძნო ეს ბედნიერება, და თუ ფიზიკური კონდიციები ხელს შემიწყობს, რა თქმა უნდა, გავაგრძელებ ასპარეზობას. ძალიან მინდოდა მესამე ოქროს მოპოვება, ახლა მეოთხეზე დავიწყებ ფიქრს“.
ტალახაძის დაუმარცხებელი სერია ჯერ კიდევ 2015 წლიდან იღებს სათავეს, როდესაც ალექსეი ლოვჩევმა დოპინგ-ტესტი ჩააგდო, რამაც ქართველ სპორტსმენს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოუტანა.
„სუნთქვისშემკვრელი სანახავია, როგორ ძაბავს სპორტსმენი ყველა ძარღვს, რათა ფეთქებადი მოძრაობით ასწიოს წარმოუდგენელი წონა. ამისთვის მხოლოდ კუნთები არ კმარა, საჭიროა გონიერება, სულის სიმტკიცე და იმის რწმენა, რომ ყველაზე მძიმე ტვირთიც აწევაც კი შეგიძლია. ამაში ტალახაძეზე უკეთესი არავინაა“ - წერს Yahoo Sports-ი.